კახეთში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

დაახლოებით 2 საათის წინ, კახეთში მოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა, წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის, ახმეტის და ყვარლის რაიონების სოფლებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფლები: ვარდისუბანი, ჩადუნიანი, ცოდნისკარი, ლელიანი, აფენი, ანანაური, ზემო და ქვემო ნაშოვარი და გიორგეთი მთლიანად დასეტყვილია.

20 აგვისტოს, გვიან საღამოს სეტყვა იყო ყვარლის რაიონშიც. ადგილობრივების განცხადებით განადგურებულია ბაღჩეულ-ბოსტნეული, ნათესები და ვენახები. ქარიშხალმა სოფელ სანავარდოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.

მეწყერი ჩამოწვა ახმეტის რაიონშიც. მიწის ჩამოშლის შედეგად ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.

რეგიონში გამორთულია ელექტროენერგია და მოსახლეობას მიწოდება ამ დრომდე შეზღუდული აქვს.

ამ დროისთვის, უცნობია ზარალის ოდენობა, ასევე უცნობია იუმუშავა თუ არა სეტყვისსაწინააღმდეგო დანადგარებმა.

რადიო ჰერეთი უახლეს ინფორმაციას დილიდან შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button