პრეზიდენტი დეპუტატის აფეთქების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, საკუთარ რიგებში „თავქარიანი ელემენტები“ გამოავლინონ და გაცხრილონ.

პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. „მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს იმ შინაარსით, რაც არაერთხელ მითქვამს, თუმცა არ ვიცი რამდენად იზიარებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები.

პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასე ჰგონიათ მათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისთვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებაზე, განწირულია, რომ ეს ელემენტები მიაკითხავენ თავად ამ პოლიტიკოსებს და მათზე განახორციელებენ ანგარიშსწორებას.

მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იპოვონ ძალა და თავიანთ პარტიაში რეაგირება მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზებაზე, გაცხრილონ ეს ადამიანები მათი რიგებიდან მათივე ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე სამართალდამცველებს მიმართა, რომ ამ ადამიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ნეიტრალიზება არის მათი მოვალეობა, რაც მნიშვნელოვანია მომავალში საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და განვითარების წინაპირობისთვის.

„თქვენ უნდა იყოთ დაცული ბოლომდე ყველა პოლიტიკური კონტექსტიდან. ამ თვალსაზრისით საჭიროა მეტი ინტენსიური მუშაობა. თუ თქვენ რაიმე სირთულე გაქვთ, მე ბოლომდე თქვენ გვერდში ვარ და მხარს დაგიჭერთ კრმინალების დევნაში და ნორმალური არჩევნების ჩატარებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ბრძოლა კრმინალის საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღდეგ, ეს არის კრიმინალების შეტევა ნორმალურ დემოკრატიულ პროცესზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები, რომლებსაც პირდაპირ შეიძლება დაერქვათ კრიმინალური ელემენტები. მარგველაშვილი პარტიებს ამ კრიმინალური ელემენტების აღმოჩენისკენ და მათი რიგებიდან გაძევებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button