მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში გახმაურებული მკვლელობის საქმე ბრალზე უარის თქმით დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდების მხარემ, 24 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ წარდგენილ ბრალზე უარი განაცხადა.

საქმის პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართული, საქმის არსებითი განხილვის ბოლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოძიების პროცესში, ომარ გამყრელიძის უდანაშაულობის დამამტკიცებელი გარემოებები გამოვლინდა.

გამყრელიძეების ოჯახის ადვოკატის, გილერ ენდელაძის განმარტებით, ის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

” მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ომარი უდანაშაულოა და ველოდი გამამართლებელ განაჩენს. ბრალზე უარის თქმაც სწორია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაული ვერ დაუმტკიცდებოდა”- განაცხადა ენდელაძემ, რადიო ჰერეთთან.

უმცროს ომარ გამყრელიძეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც იარღის უკანონო შეძენა- შენახვას და ტარებას გულისხმობს
ოთხი ადამიანის მკვლელობის ფაქტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანადაურაში, 2019 წლის 3 მაისს, გამყრელიძეების ოჯახში მოხდა.

შემთხვევის დროს, დაიჭრა ოჯახის დიასახლისიც, რომელიც ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. პოლიციამ დააპატიმრა, მისი შვილიშვილიც და ასევე ძებნა გამოაცხადა, გამყრელიძის 51 წლის ვაჟზე.

მოგვიანებით, მოხუცი გამყრელიძის მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა და მას, მკვლელობაში დახმარება ბრალდებოდა.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, ხანდაზმული მამაკაცი, გირაოთი გაათავისუფლა.ერთი თვის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოთი დატოვა საპატიმრო, უმცროსმა გამყრელიძემაც.

ერთწლიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა, 51 წლის ნოდარ გამყრელიძე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სასამართლომ ის ოთხი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის განხილვის დასრულებამდე, 86 წლის ასაკში, ომარ გამყრელიძე გარდაიცვალა და ბრალდების მხარემ, მის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

როდის გაიმართება სხდომა, სააპელაციო სასამართლოში, სადაც ოჯახმა, ნოდარ გამყრელიძის განაჩენი გაასაჩივრა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button