მნიშვნელოვანისიახლეები

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” -რუსთაველის გამზირზე „თავისუფლების მარში“ იმართება

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” -თავისუფლების მარში – რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად რამდენიმე წუთში რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყება, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი პარლამენტის შენობა და 9 აპრილის გმირთა მემორიალია.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები კვლავ მათი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგებიან. პარლამენტთან სიმბოლურად წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტსაც, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა.
აქციაზე ისმის შეძახილები:

„საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!“
„ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
დღევანდელ მსვლელობას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონს უპირისპირდებიან ახალგაზრდებიც. ისევე როგორც 7-8 მარტის აქციების დროს, სტუდნეტები ამჯერადაც “ქართული ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოს ბელორუსიზაციის გეგმას.
„ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 30%-ზე ქვემოთაა ჩამოსული, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციით შეძლებს, რომ შეინარჩუნოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „თავისუფლების მარშზე” განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მარცხი გარდაუვალი გახდა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მთავარი გამარჯვება 26 ოქტომბერს დადგება და მანამდე ყველა ნაბიჯი გამარჯვებისკენ გზაა.

„ამ კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ცდილობს ქართველ ხალხს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსი წაართვას. მისი სამიზნეა ყველა ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფაზე მუშაობს. ივანიშვილმა იცის, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა დაკარგული აქვს. „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 30%-ზე ქვემოთაა ჩამოსული, ამიტომ ის ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციით შეძლებს, შეინარჩუნოს. ეს ძალიან არასწორი გათვლა იყო, რადგან „ქართულ ოცნებას“ ეს ნაბიჯი უკან ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და დანაშაული ჩაიდინა, ის დღე, როდესაც რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანა გაბედეს, შემოტრიალების ის წერტილია, საიდანაც მათი მარცხი გარდაუვალი გახდა.

ჩვენი მთავარი გამარჯვება წინ არის. ის 26 ოქტომბერს იქნება. მანამდე ყველა ნაბიჯი, მათ შორის ამ კანონთან დაკავშირებული, გზაა გამარჯვებისკენ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ დანებების უფლება არ გვაქვს, მათ შორის იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც 9 აპრილს დაიღუპნენ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსვლელობას უერთდებიან ხელოვნები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიისა და მისწრაფეების ადამიანები, რომლებიც დღეს სწორედ თავისუფლების და ქევყნის დემოკრატიული მომავლის დასაცავად გაერთიანდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი”- თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მსვლელობისას.
აქციის მონაწილეები ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა რეგისტრირებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, ქვეყანა რუსეთში დააბრუნოს.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ მსგავსი კანონი 2023 წლის მარტში პარლამენტში “ხალხის ძალამ” წარადგინა და მას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ “ოცნებამ” კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button