მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გურჯაანშია

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კახეთში, კორონა ვირუსის ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. 24 საათის განმავლობაში, რეგიონში გამოვლენილი 40 დადასტურებული შემთხვევიდან, 23 სწორედ გურჯაანში გამოვლინდა.

40 შემთხვევიდან დანარჩენი კახეთის 5 მუნიციპალიტეტში, საგარეჯოში-7, თელავში- 6, ახმეტაში-1, ლაგოდეხში -1, ხოლო სიღნაღში -2 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

24 საათის განმავლობაში, კორონა ვირუსის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა კპანაძის განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ტესტირების გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება.

” ჩვენ ვმუშაობთ, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში და დღეში 300-400 ადამიანს ვტესტავთ. გარდა ამისა, გვაქვს ჩამოყალიბებული სამკაციანი გასვლითი ბრიგადა და ჩავდივართ ადგილებზე, გაშლილი გვაქვს საინფორმაციო კამპანია და შესაბამისად, გამოვლენაც მეტია. ტესტირებულთა რაოდენობა თუ გაიზრდება, გამოვლენაც მეტი იქნება და ზოგადად, ჩვენი მიზანიც ეს არის, რაც შეიძლება მეტი გამოვავლონოთ და სწრაფად ვუმკურნალოთ. მაღალი მაჩვენებელი, გურჯაანში, სწორედ ტესტირებულთა დიდ რაოდენობას უკავშირდება”- განაცხადა კაპანაძემ, რადიო ჰერეთთან.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში, კორონა ვირუსის 11353 დადასტურებული შემთხვევაა.
აქედან ყველაზე მეტი, 2580, უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, აქტიური მკურნალობის რეჟიმში, 268 მოქალაქე დატოვებულია ბინაზე, ხოლო 67 პაციენტი იმყოფება კოვიდ- კლინიკებში.

რეგიონში კოვიდ – 19 უკვე დაამარცხა 10908 – მა პაციენტმა, ხოლო 110 მოქალაქე გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button