რეგიონი

კახეთში კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი ინგრევა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, კავკასიის არმიის გენერლის, “ჩოლოქის გმირის” ივანე ანდრონიკაშვილის სასახლე, დანგრევის პირასაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში შენობაში სკოლა იყო განთავსებული. ახალ შენობაში სკოლის გადასვლის შემდეგ კი, ანდრონიკაშვილების სასახლე გაძარცვული და გაპარტახებულია.
არაშენდის მოსახლეობის ნაწილი შენობის რეაბილიტაციას ითხოვს და ამბობს, რომ სახლი მისი ყოფილი მფლობელების ისტორიით, შიდა და გარე ტურიზმისათვის ძალიან მიმზიდველია.

” ანდრონიკაშვილები, ფაქტიურად ჩვენი და გარშემო სოფლების დამაარსებლად ითვლებიან. ისინი აქ XVI საუკუნიდან იხსენიებიან. საქართველოს ისტორია ინახავს მათ თავდადებას ქვეყნისათვის. ეს სასახლე უნდა აღდგეს და ყველამ იცოდეს, წარსულის რამდენ გმირულ ამბავს ინახავს. დარწმუნებული ვართ, ყველა აღფრთოვანებული იქნება ამ ისტორიით”- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ თანხები მისი აღდგენისათვის, ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს.

კომუნისტებმა იქ სკოლა გახსნეს და რაღაცნაირად შენობა დაცული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი სკოლა აშენდა, ანდრონიკაშვილების სახლი უმოწყალოდ გაიძარცვა. აგურ- აგურ შლიდნენ, სახურავი აღარ არის, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მივმართეთ, ძეგლთა დაცვის სააგენტოს და სტატუსი მივანიჭეთ. ამით თითქოს, შევაჩერეთ მისი ძარცვა, თუმცა რეაბილიტაციას დიდი თანხა, ერთი მილიონი მაინც სჭირდება და ადგილობრივ ბიუჯეტს ეს არ შეუძლია”– აცხადებს სამსახურის წარმომადგენელი, თამაზ მარკოზაშვილი.

ანდრონიკაშვილების კიდევ ერთი სახლი შემორჩენილია სოფელ ქოდალოში, სადაც გადმოცემით, 1832 წელს, რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულთა შეხვედრაც გაიმართა.

სახლს რეაბილიტაცია სჭირდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ჯერჯერობით არ აქვს.
ივანე ანდრონიკაშვილი ერეკლე მეორეს შვილიშვილის, ელენე ბატონიშვილისა და მალხაზ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა.
1822 წლიდან მას უკვე სამხედრო წოდება ჰქონდა და ამ მიმართულებით კარიერას იკეთებდა. ანდრონიკაშვილი კავკასიის არმიის გენერალი, თბილისის სამხედრო გუბერნატორი და სამოქალაქო მმართველი იყო.

ერეკლე მეორეს შვილთაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ” ჩოლოქის გმირი”, რომელმაც 1853 წლის შემოდგომაზე, ყირიმის ომში თურქეთის 35 ათასიანი არმია დაამარცხა და დასავლეთ საქართველო მიტაცებას გადაარჩინა.
გადმოცემის თანახმად, ანდრონიკაშვილებმა აღკვეთეს კახეთის მხარეში ლეკიანობა, საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ გლეხებთან, გახსნილი ჰქონდათ ოთხკლასიანი გიმნაზია და ასწავლიდნენ ბავშვებს წერა- კითხვას.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button