მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში, მე-10 ოლქში დაწერილი საჩივრებიდან მხოლოდ 6 დაკმაყოფილდა

ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მეათე ოლქის საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს დაწერილი 24 საჩივარი განიხილა და მხოლოდ 6 დააკმაყოფილა. მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარია, რომელიც გადასატან ყუთს ეხებოდა.

გადასატანი ყუთით 38 ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს მათი ხელმოწერის გარეშე. ყუთის მონაცემების გაბათილებასთან ერთად, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს საყვედური გამოუცხადეს.

სხვა დაკმაყოფილებული საჩივრები ეხებოდა ყვარლის ორ უბანზე ხელმოუწერელ ბიულეტენებს, კაბინაში ამომრჩველის კონვერტით შესვლას და ლაგოდეხის ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის დაულუქავად დაბრუნებას.

ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მეათე ოლქის საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მერვე და მეცხრე უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი საჩივრები. პარტიის წარმომადგენლები კომისიების თავმჯდომარეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, გადასატან ყუთებს იმაზე მეტი ბიულეტენი გაატანეს, ვიდრე რეალურად იყო საჭირო.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა, რადგან საუბნო კომისიას აქვს უფლება, გადასატან ყუთს დამატებითი ბიულეტენები გაატანოს. გაიპარაშვილის ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები არ გამოყენებულა და გადასატან ყუთთან ერთად საუბნო კომისიაში დაბრუნდა.

საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

მეათე ოლქის საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვას დაესწრნენ ეუთოს დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. 31 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქაგადიშვილი (47.26%) და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გიორგი ბოტკოველი (40.43%).

ეს ბლოკი და კიდევ 7 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტის მანდატები მოიპოვეს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button