მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში, მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალი 13 პირს წარუდგინეს

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 13 ადამიანს, მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს დაეკისრა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ბრალდებულებმა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს.

სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს.

ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოს, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ ფლობდნენ უძრავ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ 79232 კვ.მ. უძრავ ქონებას.

პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 180-ე მუხლებით წარუდგინა. დანარჩენ პირებს კი, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button