მნიშვნელოვანი

კახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდვაქცინით აცრაზე ისევ უარს ამბობს

ვაქცინაციის კაბინეტების მოწყობისა და ქვეყანაში კორონა ვირუსის მესამე ტალღის გამოცხადების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა აცრის ჩატარებას არ ჩქარობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ადგილებზე აგიტაციის გაძლიერება და შესაბამისი პერსონალის კიდევ ერთხელ დატრენინგება იქნება საჭირო.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვაქცინაციის სამ ცენტრსაც, დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტიდან, აცრის მსურველების მცირე რაოდენობა აკითხავს.

” აცრის კაბინეტები ყველგან მოწყობილია, თუმცა ჯერ პროცესი არ დაწყებულა. ვფიქრობ, აგიტაციის გააქტიურებაა საჭირო. გარდა ამისა, ადგილებზე, კიდევ ერთ გადამზადებას ელოდებიან და მოსახლეობა უკვე ჩაერთვება ვაქცინაციაში. დღევანდელი მდგომარეობით, აცრის სამი ცენტრი, თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხში მუშაობს, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ძალიან ცოტა ადამიანი მიდის”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

აცრის კაბინეტები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტშია მოწყობილი, სადაც ყველა ახალი რეკომენდაცია გათვალისწინებული და ვაქცინის გაკეთების მსურველებისათვის, სპეციალური მეთვალყურეა გამოყოფილი.
დღევანდელი მდგომარეობით, აცრები მხოლოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსა და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში მიმდინარეობს.

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთში 15 მარტს დაიწყო. რეგიონში შესული ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინის 3 ათასი დოზიდან, მხოლოდ 7, 5 %- ია ათვისებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button