ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში მოსახლეობის ნაწილი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს

თელავში მცხოვრებმა 50 წლის მამაკაცმა, კორონა ვირუსი ორი თვის წინ დაამარცხა.
ვირუსი მას სავარაუდოდ, ძმისგან გადაედო, ხოლო ამის შემდეგ, კოვიდ- 19- ით, ოჯახის ოთხი წევრი დაავადდა.ამის მიუხედავად, კოვიდ გადატანილ მამაკაცს მიაჩნია, რომ კორონა ვირუსის ვაქცინა, ჯერჯერობით სანდო არ არის და მან შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს.

“მთელ ოჯახს შეგვხვდა, მე არ ვიყავი მძიმედ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ ბევრი სირთულე გადალახა. ამის მიუხედავად, ვაქცინას ჯერ მაინც არ ვენდობი. ამბობენ, რომ შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეგვექმნას. ამიტომ ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ”- განაცხადა მამაკაცმა რადიო ჰერეთთან.

მოქალაქეების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ კორონა ვირუსს, სეზონური გრიპების მსგავსად გაუმკლავდება, ამიტომ ვაქცინაციის მიმართ ინტერესს არ იჩენს და არც აცრას აპირებს.

“თუ შემხვდება, ისევე გადავიტან, როგორც სხვა გრიპებს. საერთოდ არ მაინტერესებს ვაქცინა შემოვა თუ არა, მაინც არ გავიკეთებ”- თქვა რადიო ჰერეთთან, 60 წლამდე ასაკის მოქალაქემ.

ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის უიმედო განწყობას, საზოგადოების არასწორი ინფორმირების შედეგად თვლიან ინფექციონისტები.

30 წლიანი საექიმო სტაჟის მქონე ინფექციონისტი შოთა რაინაული თვლის, რომ კორონა ვირუსისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა ვაქცინაცია, ან შესაბამისი პრეპარატის შექმნაა.

“როცა იქნება, ყველა პანდემია სრულდება, მაგრამ მანამდე, ათასობით სიცოცხლეს იმსხვერპლებს, ამიტომ ვაქცინაცია არის გამოსავალი. საზოგადოების სკეპტიციზმი, არასწორი ინფორმირების შედეგია. ამაში სამედიცინო საზოგადოება და მედია აქტიურად უნდა ჩაერთოს. ვაქცინის პრობლემა ის კი არ არის, რა დროში დამზადდა, არამედ რა ხანგრძლივობით დაიცავს ის მოქალაქეს. სწორი პროპაგანდა უნდა მოხდეს, კარგად დაიგეგმოს მუნიციპალიტეტების, ლამის უბნების დონეზე, რომ ვაქცინაციამ წარმატებით ჩაიაროს. სულ ცოტა 60% უნდა აიცრას იმისათვის, რომ პანდემია დროულად დასრულდეს და ათასობით სიცოცხლე გადარჩეს. ყველა უნდა ავიცრათ, იმის მიუხედავად, ვიცით თუ არა, რა ხნის განმავლობაში დაგვიცავს ვირუსისგან. გაიჟღერა, რომ სავალდებულო გავხადოთო, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, მაგრამ შედეგს ისევ და ისევ ადამიანების სწორი ინფორმირებით უნდა მივაღწიოთ”- განაცხადა რაინაულმა.

ინფორმაცია ვაქცინაციის მიმართ, მოსახლეობის ნაწილის ნეგატიური განწყობის შესახებ, აქვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაშიც. განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში მედიის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

” კოვიდ ვაქცინაციაზე ძალიან დიდი მოცულობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, სამთავრობო გეგმის შესამუშავებლად. გეგმაში დეტალურად იქნება გაწერილი როლები და პასუხისმგებლობები მათ შორის მუნიციპალურ დონეზე. საინფორმაციო კამპანიის ჩატარების დროს, მედიის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება. კვირის ბოლოს მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას ვაქცინების სახეობების მახასიათებლების, ასევე ლოჯისტიკური და ტექნიკური საკითხების შესახებ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

სანამ მოსახლეობა ვაქცინაციის ავ- კარგიანობაზე ყალიბდება, მსოფლიო ბაზარზე, ხარისხიანი ვაქცინების მოსაპოვებლად ნამდვილი ომია. მეცნიერებმა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შექმნეს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე გაიკეთეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამი “პფიზერ, მოდერნა და ასტრა ზენეკა” – ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობა განიხილება.

სამინისტროსვე განმარტებით, ქვეყანა კოვაქს- პლატფორმაზეც არის დარეგისტრირებული. რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინების შესაძლო შესყიდვის შესახებაც.

საბოლოო გადაწყვეტილება, რომელი და რა რაოდენობის ვაქცინის შეძენას შეძლებს საქართველო, ჯერ გარკვეული არ არის.

საერთაშორისო კანონმდებლობით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი პროცესია და ის მხოლოდ დაინტერესებული პირის ინფორმირებული თანხმობით შეიძლება ჩატარდეს. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხიც ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას მოსახლეობის ის ნაწილი ,რაც  მედიკოსების განმარტებით, პანდემიის დასრულებისათვის არის აუცილებელი.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button