კახეთში მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ დედას სამი მცირეწლოვანი შვილი ჩამოართვეს

კახეთში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ დედას სამი მცირეწლოვანი შვილი ჩამოართვეს.
სოციალური სამსახურის გადაწყვეტილება დღეს, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ ახალგაზრდა ქალს, ალკოჰოლის მოხმარებასა და აზარტულ თამაშებში ჩართულობას ედავებიან, რის გამოც მცირეწლოვანი ბავშვები საკვების და პირადი ჰიგიენის გარეშე იყვნენ დარჩენილები.
1,3 და 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვები, 33 წლის დედას, თითქმის ერთი კვირაა რაც ჩამოართვეს.
8 და 10 წლის მოზარდები კი, რომლებიც საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, ჯერჯერობით, დედასთან დარჩებიან.
საქმეში, რომელიც დედისთვის შვილების ჩამორთმევას ეხება, ჩართულია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ბავშთა განყოფილებაც.
განყოფილების ხელმძღვანელმა, რადიო ჰერეთს დაუდასტურა, რომ ბავშვების გაყვანის პროცესი დაწყებულია.
” თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ პროცესში. ახლა ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეზე”- განაცხადა მერიის ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელმა.
ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ დიდი ხანია, მშობელს ბავშვი ბაღში არ მიუყვანია.
” ცოტა ხანს დაჰყავდა ბავშვი. მერე შეგვატყობინა, რომ პატარაც ჰყავდა , დაახლოებით ერთი წლის და ვერ შეძლებდა სხვები ბაღში ეტარებინა. ასე რომ დიდი ხანია, აღარ გამოჩენილან “- განმარტა გაერთიანების ხელმძღვანელმა.
თავად მრავალშვილიანი დედა ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ შვილების დაბრუნება სურს.
” ყველაზე პატარა ერთი წლისაა. გულზე მეწვა და ისე ვაძინები- ხოლმე. ახლა ერთი კვირა იქნება, რაც წაიყვანეს სამნი და არ ვიცი, როგორ არიან. მე ჩემს შვილებს კარგად ვუვლი, არც ალკოჰოლზე დამოკიდებული ვარ. თამაშს ვაღიარებ, ტელეფონით რაღაცას ვთამაშობდი, 10- 15 ლარს ვრიცხავდი, ახლოს აღარაფერს ვეკარები. ალკოჰოლზე შემამოწმონ, თუ უნდათ, თუნდაც მკურნალობა დამინიშნონ, მე თანახმა ვარ, ოღონდ ჩემი შვილები დამიბრუნონ. ქმარი გარდამეცვალა და უკიდურეს გაჭირვებაში ჩავვარდი. დახმარებას ვიღებ, მაგრამ ხუთი ბავშვით დავრჩი ასე, მარტო და რთული არ არის? “- ამბობს ქალი.
სოციალურ ქსელში, მრავალშვილიანი დედის დასახმარებლად, კამპანია დაიწყეს. ორგანიზატორები, ოჯახისათვის ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებენ.
კამპანიის ორგანიზატორის, დინა ნაწიფაშვილის განმარტებით, ოჯახს საცხოვრებელ სახლში თითქმის არაფერი აქვს.
“ძალიან გაჭირვებით ცხოვრობენ, სახლში თითქმის არაფერი აქვთ. კეთილი ადამიანების დახმარებით, ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ნივთებს . მე მაინც მგონია, რომ ამ ქალბატონს შვილები კი არ უნდა წავართვათ, უნდა დავეხმაროთ, რომ ბავშვები დედასთან იყვნენ”- ამბობს დინა ნაწიფაშვილი.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.
სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემული ბავშვების შესახებ, ყოველწლიურად საკუთარ ანგარიშში წერს სახალხო დამცველიც.
ანგარიშის თანახმად, ასეთი ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.