მნიშვნელოვანისაქართველო

კახეთში საკარანტინო სივრცე საჭიროების შემთხვევაში ლაგოდეხში მოეწყობა

“საჭიროების შემთხვევაში კახეთში საკარანტინო სივრცე შესაძლოა ლაგოდეხში მოეწყოს”, – ამის შესახებ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

კორონავირუსთან დაკავშირებით რეგიონში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი უხელძღვანელებს. დღვანდელ შეხვედრაზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ “ლაგოდეხში უკვე მოძიებულია სივრცე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება”.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, 2 მარტიდან 16 მარტამდე საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებები ეტაპობრივად ჩატარდება.

“დღეს, გვქონდა გაფართოებულ რეჟიმში საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ვიმყოფებით მუდმივ კოორდინაციაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვმოქმედებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გაცემული კონკრეტული მეთოდოლოგიისა და მითითებების გათვალისწინებით”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა და დაამატა, რომ “კახეთის რეგიონში, 3 და 8 მარტის მასშტაბური, სადღესასწაულო ღონისძიებები არაღ ჩატარდება”.

საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button