თურქეთის პრეზიდენტი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი ახალი მოლაპარაკების შესახებ განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა TRT World Forum-ის გახსნაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სასურსათო კრიზისის თემას შეეხება.
სააგენტო Reuters-ის თანახმად, კვირას, 11 დეკემბერს, თურქეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში ზღვის გავლით მარცვლეულის დერეფანზე იმსჯელებს. დაგეგმილია ასევე საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„კრიტიკული პროდუქტების მიწოდების შეწყვეტამ გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კვირას მე მექნება საუბარი პუტინთან. ასევე მექნება საუბარი ზელენსკისთან”, – აღნიშნა ერდოღანმა.
“თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში ეფუძნება მოსაზრებას, რომ ომს გამარჯვებულები ვერ ეყოლება, მშვიდობას კი – დამარცხებულები”, – აღნიშნა პარასკევს ერდოანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაკავშირებულია მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ზიანთან.
დეკემბრის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულამდე ანკარას სურს დაინახოს “უფრო ნათელი სურათი” უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე.