მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცსამსახურების წყარო აცხადებს, რომ ამიერიდან სამხედრო ობიექტები პეტერბურგში “უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია.” აფეთქებები მოხდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ამ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს.
დრონების შეტევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა, მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე.” მოსკოვის მერმა თქვა, რომ დაშავებულები არ არიან. მომხდარის გამო, დროებით შეაჩერა მუშაობა პეტერბურგის აეროპორტმა “პულ-კოვომ.”
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. გახშირდა სარაკეტო დარტყმებიც, განსაკუთრებით ბელგოროდის ოლქზე.
დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება იყო.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვის ცნობითვე, განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზით მომარაგების სისტემა.
2023 წლის ბოლოდან ბელგოროდზე არაერთი სარაკეტო შეტევა იყო. რუსეთი თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიას ყველაზე ხშირად უტევს.

ცნობისთვის “უკრაინსკა პრავდა” უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამით უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსეთის ლენინგრადის ოლქსი ნავთობის საცავზე თავდასხმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.

“ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები.

ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია”, – ამბობს წყარო მედიასთან.

კითხვაზე, პირველი შემთხვევაა თუ არა, როცა უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ლენინგრადის რეგიონს, თანამოსაუბრე ამბობს, რომ პირველი არაა, თუმცა არის განსხვავებები და მტერმა იგრძო ისინი.

მანამდე ლადიმერ როგოვმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ უკრაინამ ღამით ბალტიის ზღვის ნავთობის ტერმინალის დამიზნება სცადა დრონებით, რაც, მისი მტკიცებით, ვერ შეძლო.
გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ერთი „უკრაინული“ დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. რუსეთის ხელისუფლებას, განსხვავებით ქალაქ სანქტ-პეტერბურგისგან, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ლენინგრადი ერქვა, მთლიანად ოლქისთვის სახელი არ შეუცვლია.

„უკრაინსკა პრავდის“ წყაროს ინფორმაციით, შეტევა ნავთობის ბაზაზე განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“, სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ მონაცემების მოპოვება გრძელდება.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა პეტერბურგის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელს ჰკითხა, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა. წყაროს თქმით, პირველი არ ყოფილა, მაგრამ „არის განსხვავებები და ისინი მტერმა იგრძნო”.
რუსეთს ნავთობის ბაზაზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, „ინციდენტის” შედეგად არავინ დაშავებულა და „მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები”.

ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, დრონი აფეთქდა სააქციო საზოგადოება „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ეს ობიექტი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს და რუსული მედიის თანახმად, ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი ტერმინალია.

ტელეგრამ-არხი „ბაზა” წერს, რომ გამოყენებული იყო სამი დრონი, რომელთაგან ორი ფინეთის ყურეში ჩამოვარდა, ერთი კი – ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button