კახეთში თვითმმართველობებს საკუთარი ვებ-გვერდები არ აქვთ – ISFED

აქვთ თუ არა კახეთის თვითმმართველ ორგანოებს ვებ-გვერდები და რამდენად ინფორმაციულია ის? არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კახეთის ყველა რაიონის გამგეობასა და საკრებულოს, ასევე თელავის შემთხვევაში მერიას მხოლოდ გაერთიანებული ვებ-გვერდი გააჩნია. ანუ ორ-სამ უწყებას ერთი გვერდი აქვს.

სამაგიეროდ გამგეობებსა და საკრებულოებს საკუთარი გვედები აქვთ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, თუმცა სამართლიან არჩევნებში ამბობენ, რომ “ფეისბუქის” გვერდი ვერ იქნება ვებ-გვერდის სრულფასოვანი ალტერნატივა და რომ თვითმმართველობები მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებენ შეინარჩუნონ კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვებ-გვერდების არსებობა აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხის ასამაღლებლად.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ “მონიტორინგის პერიოდში 2015 წლის ბიუჯეტი გამოაქვეყნეს საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და თელავის თვითმმართველობებმა, ხოლო რაც შეეხება საიტზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უცხოენოვანი მოქალაქეებისთვის, ეს პრექტიკულად შეუძლებელია. არსებულ გაერთიანებულ საიტებზე ინფორმაცია მხოლოს ქართულ ენაზე ქვეყნდება”, – აღნიშნულია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში.

მონიტორინგის ფარგლებში “სამართლიანი არჩევნები” ასევე დააკვირდა, თუ რამდენად არის არსებულ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია.

“ამ კუთხით დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა, ვინაიდან ვებ-გვერდების უმრავლესობაზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეების შესახებ. ინფორმაცია თვითმმართველი ორგანოების თანამდებობის პირებზე გამოქვეყნებული არ იყო დედოფლისწყაროს გამგეობის, ახმეტის საკრებულოსა და გამგეობის შემთხვევაში. ინფორმაცია თანამდებობის პირებზე არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი თელავის მერიის შემთხვევაშიც”. – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” მთელი ქვეყნის მაშტაბით 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისის პერიოდში ჩაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button