კახეთში ტყის ბრაკონიერები დააკავეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/XE-TYE-2.jpg)
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების შემთხვევები გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მიაკვლიეს.
უწყების განმარტებით, მოქალაქეები მერქნის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ.
” სამი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლები, უკანონოდ მოპოვებული რცხილას, იფნის, წიფლისა და მუხის სახეობის მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. თელავსა და ახმეტაში ადგილი ჰქონდა აკაციის ხე-ტყის უკანონო გადატანის შემთხვევებსაც. დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირებას და მოჭრას, კანონი მკაცრად არეგულირებს”,- განაცხადეს დეპარტამენტში.
გარემოსდამცველებმა სამართალდარღვევის სულ 6 ფაქტი გამოავლინეს და ყველა პირის მიმართ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
დამრღვევი პირების მიმართ, შესაბამისი სანქციების გამოყენებაზე, სასამართლო იმსჯელებს.