რეგიონი

კახეთში ცხოველთა მართვის ცენტრის მშენებლობაზე 2 მილიონამდე დაიხარჯა, პრობლემა კი კვლავ მოუგვარებელია

კახეთში ცხოველთა მართვის ცენტრის მშენებლობაზე 2 მილიონამდე დაიხარჯა, პრობლემა კი კვლავ მოუგვარებელია.
გურჯაანში შინაური მიუსაფარი ცხოველების მართვის ცენტრი ამუშავდა, თუმცა ძაღლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ქუჩებში კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან და მოსახლეობას თავს ესხმიან.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მუსაფარმა ძაღლებმა, საბავშვო ბაღის რამდენიმე აღსაზრდელს უკმინეს.
ძალღებით, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებშიც უშიშრად გადაადგილდებიან, ჯერ კიდევ სავსეა თელავის ცენტრალური ქუჩებიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ძაღლების სიმრავლის გამო, გადაადგილება არამხოლოდ ღამით, დღისითაც პრობლემად იქცა.

” უკვე რამდენჯერმე სასწაულად გადავრჩი. აქვე, ცენტრალურ ქუჩაზე, მხოლოდ ქვებითღა მოვიგერიე ძაღლების ჯგუფი. რომ არ გამესწრო, ალბათ შემჭამდნენ. დარწმუნებული ვარ, ბევრია ასეთი, ვისაც უკვე ქვეითად გადაადგილების ეშინია. წლები გადის და პრობლემას გადაწყვეტა ვერ მოეძებნა”- ამბობს თელაველი, მაცაცო მეგრელიშვილი.

თელავში მცხოვრები ნუცა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ძაღლების თავდასხმას უკვე რამდენიმე მოქალაქე გადაარჩინა.

” მე მანქანით ვმოძრაობ და შედარებით მშვიდად დავდივარ, მაგრამ ბავშვიან ქალს ესხმოდნენ თავს, რომ არ დავხმარებოდი, იქნებ ცოცხალს არ გაუშვებდნენ. მოხუცთანაც მქონდა ასეთი შემთხვევა. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი წერს, რომ ტაქსის ხარჯს ვეღარ სწვდება, სამსახურიდან გამოსული ძაღლების მსხვერპლი რომ არ გახდეს”- ამბობს ნუცა ფეიქრიშვილი.

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ინტერმუნიციპალური ცენტრის დირექტორი, თემურ ზავრაშვილი, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ ცენტრს, მათთან გადაყვანილი ცხოველის მუდმივად მფარველობის ვალდებულება არ აქვს.

” ეს არ არის თავშესაფარი, ეს არის მართვის ცენტრი, სადაც ცხოველები, ძაღლები და კატები, მინიმუმ 2 და მაქსიმუმ, 10 დღე შეგვიძლია დავტოვოთ. აქ ვატარებთ, სტერილიზაციას,კასტრაციას, ცოფზე აცრას და ვაბრუნებთ იმ ადგილას,საიდანაც მოიყვანეს. პროცესის სარგებელი ის არის, რომ მათი გამრავლება აღარ ხდება და დაკბენის შემთხვევაში, მოქალაქეს რისკის ქვეშ ყოფნა და ანტირაბიული მკურნალობის ჩატარება აღარ უწევს. ამ დროისათვის ხუთასზე მეტი ძაღლი იყო შემოყვანილი. გვქონდა ევთანაზიის შემთხვევაც, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დაკმინეს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მერიის სამსახურებთან, რომ კარგად შევასრულოთ ჩვენი საქმე. ამ ცენტრს ინტერმუნიციპალური დაფინანსება აქვს და ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მან გამართულად იმუშაოს”- განაცხადა ზავრაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცხოველთა მართვის ინტერმუნიციპალური ცენტრისათვის 120 თასი ლარია გათვალისწინებული.
თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის საჭიროებიდან გამოდინარე და საფრთხეების გათვალისწინებით, 2022 წლისათვის, დაფინანსება გაზრდილია.

“ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე, 84 ათასი ლარიდან, თანხა 120 ათას ლარამდე გავზარდეთ. ეს არის ბიუჯეტის ნაშთიდან გავითვალისწინებული და გარკვეული პროცედურებია გასავლელი. ამ ფულს, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გადავრიცხავთ, ისე, რომ ცენტრის სრულფასოვან მუშაობას ხელი არ შევუშალოთ”– განაცხადა ანდრიაშვილმა.

ცხოველთა მართვის ინტერმუნიციპალური ცენტრის მშენებლობა გურჯაანში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და მისი მოწყობა 1 800 000 ლარი დაჯდა.
დაწესებულებამ ფუნქციონირება 2021 წლის ნოემბერში დაიწყო.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button