მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ვაქცინაციის ბანერები ოცნების კანდიტატების ბანერებით ჩაანაცვლეს

ახმეტაში ვაქცინაციის მოწოდებით განთავსებული ერთადერთი ბანერი ჩამოხსნეს და ” ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის დაამონტაჟეს.

პანკისის ხეობაში, კი, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას, ძირითადად რუსული წყაროებიდან იღებენ, სადაც ვითომ ექიმები მოსახლეობას დეზინფორმაციას აწვდიან. ამის შესახებ, რადიო ჰერეთთან, პანკისელი სამოქალქო აქტივისტები საუბრობენ.

სოფელ დუისში მცხოვრები, რამზან გორგიშვილის თქმით, ახმეტაში ვაქცინაციის თაობაზე, საინფორმაციო კამპანია არ მიმდინარეობს.

” ახმეტის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი, ისედაც რამდენიმეთვიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახლა ყველაზე მთავარი საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს, რომელიც მოსახლეობას აცრის აუცილებლობაში დაარწმუნებს. პანკისში რუსული საიტებიდან იღებენ დეზინფორმაციას, რომელიც მოგვიწოდებს, რომ არ ავიცრათ. ვისაც თავიდან ვაქცინის გაკეთება სურდა, აიცრა, შემდეგ, ყველაფერი გაჩერდა. ამ ფონზე ერთადერთი ბანერი, რომელიც ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, ჩამოხსნეს და მერობის კანდიდატის ბანერი ჩამოკიდეს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე მეტრში, იგივე კანდიდატის , ორი სხვა ბანერია განთავსებული. რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლე, თუ პოლიტიკური ვითარება?”- აცხადებს გორგიშვილი.

ახმეტაში, ” ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ნომერი, იოსებ ქარუმაშვილი განმარტავს, რომ სარეკლამო ადგილები, იჯარითაა გაცემული და მასზე ბანერების განთავსება, ხელშეკრულებით რეგულირდება.

” ეს ადგილები კერძო პირს აქვს აღებული იჯარით და რა დროით უნდა განთავსდეს, ესა თუ ის რეკლამა, ხელშეკრულება არეგულირებს. ალბათ გავიდა ხელშეკრულების ვადა და განთავსდა სხვა. მართალია, გვიან დაიწყო ჩვენთან ვაქცინაცია, მაგრამ ცოცხალი რიგებია, იცრება მოსახლეობა”-განაცხადა ქარუმაშვილმა.

ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ბუღათრიშვილი ამბობს, რომ ბანერი,რომელიც ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, ჯანდაცვას არ ეკუთვნოდა.

” ეს ბანერი ჩვენი არ იყო, ვერ გეტყვით, ვინ განათავსა. რაც შეეხება ვაქცინაციას და საინფორმაციო კამპანიას, ვერ დავეთანხმები,რომ ჩავარდნილია. დღედაღამ ამაზე მიდის საუბარი. დღეში70- 80 ადამია ი იცრება ჩვენთან. თელავის მაჩვენებელზე დაბალია, მაგრამ ბევრად გააქტიურებულია, ბოლო პერიოდში”- განაცხადა ბუღათრიშვილმა.

კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტი ერთადერთი იყო, სადაც ვაქცინაცია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, რამდენიმეთვიანი დაგვიანებით დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანია ვაქცინაციისკენ მოწოდებებით აწარმოონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button