მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ვაზის დაავადება გავრცელდა

გლეხები, ვენახებში ვაზის ჭრაქის გაჩენას, განსაკუთრებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში უჩივიან.
ადგილობრივები თვლიან, რომ დაავადების გაჩენის მიზეზი, უხარისხო ან ვადაგასული პესტიციდებია, რომლებსაც ისინი ვაზის შესაწამლად იყენებენ.

” ჭრაქი გაჩნდა, რომელიც ძალიან აზიანებს ვენახებს. ვფიქრობ, რომ უხარისხო პესტიციდების ბრალია, რადგან დაავადება შეწამლის შემდეგ გაუჩნდა. არავისთვის არ მიგვიმართავს, ვაზს რაღას ვუშველოთ”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ერთ- ერთმა ადგილობრივმა.

სოფლის მეურნეობის სამმართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, ვასილ გერმანიშვილის განმარტებით, მოსახლეობას ჯერჯერობით მათთვის არ მიუმართავს.

” ჩვენ გვქონდა ვაზის ვირუსული დაავადების ფაქტები საგარეჯოსა და გურჯაანში, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დავადგინეთ. ახლა არავის მიუმართავს, თუმცა ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და სადაც ვაზი სუსტი იყო, იქ მოერია დაავადება, სადაც მკურნალობა დროზე ჩატარდა, ვენახს პრობლემა არ აქვს. სურსათის უვნებლობის სამსახურიც ამიტომ ატარებს გასვლებს, რომ უხარისხო ან ვადაგასული პესტიციდების რეალიზაცია არ მოხდეს. თუ ვენახებს შესწავლა დასჭირდება, ლაბორატორიულად გამოვიკვლევთ”- განაცხადა გერმანიშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში პესტიციდების 52 მაღაზია ერთი კვირის წინ დააჯარიმა.მათ შორის იყო ვადაგასული პესტიციდების და შხამ- ქიმიკატებით უნებართვოდ რეალიზაციის ფაქტებიც.

ვაზის ჭრაქი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მცენარის ფოთოლსა და ნაყოფს ერთნაირად აზიანებს და დიდი ზარალის გამოწვევა შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button