კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩია.
ბექაური კომისიას სამი წლის ვადით, 2020 წლამდე უხელმძღვანელებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს თავად კომისია. კ
ომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.
კახი ბექაური მანამდე კომისიის წევრად პრეზიდენტის წარდგენით საქართველოს პარლამენტმა აირჩია. კომიისიის თავმჯდომარის თანამდებობა კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ვახტანგ აბაშიძეს ეკავა.
აბაშიძე მუშაობას მარეგულირებელ ორგანოში კომისიის წევრის რანგში გააგრძელებს. კომისია სულ ხუთი წევრისგან შედგება.
კახი ბექაური წლების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა, მათ შორის იყო “პირველი არხის” ფინანსური დირექტორი, ტოპ მენეჯმენტში მუშაობდა ტელეკომპანიებში “მზე”, “მაესტრო” და „მეცხრე არხი“.
2016 წლის 8 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბექაურს და მის მეუღლეს – ეკა ბერიძეს ეკუთვნით ოთხი ბინა თბილისში, ერთი ბინა დუშეთის რაიონში, არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართი თბილისში, ავტოფარეხი დუშეთში და მსუბუქი ავტომობილი Toyota RAV4.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ბექაურის საბანკო ანგარიშებზე 41 347 ლარი, 18 013 ამერიკული დოლარი, 3 001 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი და 71 ევრო ირიცხებოდა. ეკა ბერიძეს კი 58 015 ლარი, 2 ამერიკული დოლარი და 7 ევრო. 2016 წელს ბექაურმა კომისიაში 233 988 ლარი გამოიმუშავა. ეკა ბერიძემ 2015 წელს კი 318 407 ლარი.
კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიაში საქმიანობის გარდა ბიზნესითაც არის დაკავებული. მას ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯის” წილის 33,33 პროცენტი, ეკა ბერიძე კი ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ეკა ბერიძე ამჟამად ასევე მუშაობს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორის მრჩევლად.
კახი ბექაურს ასევე ეკუთვნის წილები კომპანიებში შპს “სხვა არხი” და შპს “მეგაპოლის კლასიკი”.