კახი ბექაური: რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სადაც ქ.ბათუმში “კერძო სამაუწყებლო რადიომაუწყებლობის კონკურსის” მორიგი სხდომა მიმდინარეობდა, განაცხადა, რომ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რასაც კომისიის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, დღეს,24 აგვისტოს, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ივანე მახარაძემ შედარებითი ანალიზი წარმოადგინა იმ სამაუწყებლო კონცეფციების, რომელიც ქ.ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად შპს “რადიო ცენტრმა პლიუსი” (პალიტრა ჰოლდინგმა) და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა წარადგინეს.
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თქმით, ორივე კომპანიამ სრულად გამოასწორა დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი.
დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ “რადიო ცენტრმა პლიუსმა” (პალიტრამ) დამატებითი მხარდამჭერი წერილები წარმოადგინა, რომელთა ჩამონათვალში “საქართველოს პრესის ასოციაციის” ხელმძღვანელის ლაშა ტუღუშის და საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნატა იმედაიშვილის წერილიცაა, სადაც როგორც ისინი წერენ, მხარდაჭერას “პალიტრას” კონცეფციას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ჰერეთმა პარტნიორთა წერილები კონცეფციასთან ერთად დალუქულად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 24 ივლისს წარადგინა, თუმცა, კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, კონკურსანტებს მხარდასაჭერი წერილების წარდგენის ვალდებულება არ ჰქონდათ.
იხილეთ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტები
მაუწყებლობის დეპარტამენტის ანალიზით, კონცეფციებში ორივე კომპანიას თითქმის დაცული აქვს თემათა მრავალფეროვნება, თუმცა “პალიტრა” არსებული სიგნალის გავცელებას გეგმავს ბათუმშიც, ჰერეთის შემთხვევაში კი კომპანია აპირებს ადგილობრივი რადიოს “ბათუმის”გაშვებას, რომელიც დეპარტამენტის თქმით, მთლიანად მორგებულია ადგილობრივ მსმენელზე, რაც პირდაპირ პასუხობს კომისიის მიერვე ჩატარებულ კვლევას 252-ე, ბათუმის ზონაში, სადაც გამოკითხული მსმენელის 56.7 % ადგილობრივი რადიოსადგურის არსებობას ითხოვს. გარდა ამისა, მაუწყებელს აქვს რელიგიის მიმართულებით ცალკე გადაცემის მომზადების ინიციატივაც.
მაუწყებლობის დეპარტამენტს დააინტერესა კონკურსანტების ხედვა მოესმინა კონკრეტულად სოციალური თემატიკის მიმართულებით გადაცემების წარმოებაზე, რაზეც “პალიტრის” წარმომადგენლება უპასუხეს, რომ ცალკე გადაცემას შექმნიდნენ ბათუმისთვის, ისინი აქამდე არ ახმაურებდნენ ამბავს, რადიო პალიტრის დირექტორის ინგა დადიანის თქმით, იგეგმებოდა ცალკე გადაცემების წარმოება ბათუმიდანაც (რაც კონკურსის დალუქულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი არ იყო, დოკუმენტაციაში მხოლოდ ერთ გადაცემაშია აქცენტი ბათუმზე) ჰერეთის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ რადიო “ბათუმის” სამაუწყებლო კონცეფცია მთლიანად მორგებულია ადგილობრივების ინტერესებს.
რამაზ სამხარაძემ, “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” მფლობელმა და დირექტორმა კომისიას განუცხადა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო კონცეფცია ბათუმში არაერთი გამოკითხვის საფუძველზე შექმნეს.
კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება, რადგან ორივე კომპანია წარმატებულია.
კონკურსის წესების თანახმად, კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით.
პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.
“რადიო ცენტრი პლიუსი” სამაუწყებლო ბაზარზე 1 რადიოსადგურითაა (რადიო პალიტრა FM103.9) წარმოდგენილი და 2008 წლიდან მაუწყებლობს.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კი 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს.
კომისიის 5 წევრი: ვახტანგ აბაშიძე, მერაბ ქათამაძე, გიორგი ფრუიძე, ელისო ასანიძე და კახი ბექაური გადაწყვეტილებას 31 აგვისტოს გამოაცხადებს.
მოუსმინეთ სხდომის სრულ აუდიო ჩანაწერს