კალაძის თქმით ,,ხალხის ფულის პირადი კეთილდღეობისთვის,, დახარჯვა თანამდებობის პირისგან წარმოუდგენელია- სააკაშვილის განაჩენს ოცნება ეხმიანება

“პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.
“ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
“ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბრალში არ არის შესული წარმომადგენლობითი ხარჯები – დონალდ ტრამპისთვის გამართული სადილის ხარჯები და ა.შ. რაზეც ხელისუფლების ოპონენტები ამ თემაზე საუბრის დროს აპელირებენ.
“ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მტკიცებულებები არსებობს, სადაც “მზეთუნახავი” სააკაშვილი მასაჟისტებთან ერთად დადიოდა ძვირადღირებულ სასტუმროებში – ეს ხომ ფაქტია. მაშინ თქვან, რომ ეს არ იყო ფაქტი, ან არ იყო ფაქტი ის, რომ ასი ათასობით ლარს ხარჯავდა თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაში, თავისი ახლობლების ვოიაჟებში… პრეზიდენტს არაფერი აქვს გამოყოფილი თავისი კომფორტისთვის, გარდა თავისი პირადი ხელფასისა – ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ერთადერთი, არსებობს წარმომადგენლობითი ხარჯები, – რაზეც ახლა საუბრობენ, ტრამპს სადილი გაუმართაო, – ტრამპის სადილის ხარჯები არაა შეყვანილი ბრალდებაში.
სად წერია მტკიცებულებაში, რომ ტრამპს რომ სადილი გაუმართა, ეს იყო უკანონო? მაგრამ ბოკუჩავას რომ საათი აჩუქა და თავის ოჯახის წევრებს რომ ვოიაჟებს უფინანსებდა, ასიათასობით და მილიონობით, რა თქმა უნდა, ის შევიდოდა ბრალში, რადგან ბიუჯეტის ხარჯზე ასეთი თანხების დახარჯვის უფლება პრეზიდენტს არ აქვს. ერთადერთი, მას შეეძლო თავისი ხელფასი დაეხარჯა და, ვიმეორებ, მას წარმომადგენლობით ხარჯებს არავინ ედავება – ვიღაცას სადილი გაუმართა თუ სადღაც ჩავიდა ვიზიტის დროს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
გორდულაძის სიტყვებით, ყველაზე ამორალური არის ის, რომ პირადი ფუფუნებისთვის დახარჯულ თანხებს მიხეილ სააკაშვილი საქვეყნო საქმედ წარმოაჩენს.
“წლების განმავლობაში საქმეს, რომელშიც მილიონებზეა საუბარი, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას უკავშირდება, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ეძახდნენ “პიჯაკების საქმეს”. აღმოჩნდა, რომ “პიჯაკების საქმე” არის საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის დაფინანსება და სხვადასხვა უცხოელი ქალბატონის მომსახურებაში გადახდილი თანხები. ეს ადამიანები ახლა ბედავენ თქვან, რომ თურმე, სახელმწიფო ხარჯებით შესაძლებელია ფუფუნებაში ცხოვრების დაფინანსება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და თანამდებობის პირებს ეს ყველაფერი უნდა შეეძლოთ. ყველაზე ამორალური ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ბედავს და საუბრობს, რომ საკუთარ ლიპოსაქციაზე თუ საკუთარი სხეულის გაჯანსაღებაზე დახარჯული თანხები ყოფილა თურმე საქვეყნო საქმე და ამ დროს ის ემსახურებოდა საქართველოს,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
“ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
მისი თქმით, უტყუარად არის დადგენილი, რომ სააკაშვილმა, საკუთარი სიამოვნებისთვის, “ბიუჯეტს 9 მილიონი მოჰპარა”.
“მხოლოდ ამ ერთი განაჩენით უტყუარად არის დადგენილი, რომ 9 მილიონი ლარი ბიუჯეტს მოჰპარა სააკაშვილმა პირადი სიამოვნებისთვის. გასახსენებლადაც ძნელია, როდესაც იხსენებ, რომ აგვისტოს ომიდან ორ კვირაში, სააკაშვილმა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანათ მასაჟისტი, რომელიც რაღაც კბენით მასაჟებს უტარებდა – ასეთ სისულელეებში ხარჯავდა ხალხის ფულს. ეს მხოლოდ ბიუჯეტის თვითნებურად ხარჯვა კი არა, ეს არის ღალატი და სირცხვილი ქვეყნის წინაშე, ამიტომ, ცხადია, მან პასუხი უნდა აგოს არამარტო ამ, არამედ სხვა ბევრი დანაშაულისთვისაც,” – აცხადებს სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.