რუსული კანონის წინააღმდეგ NGO-ების სარჩელი მზადაა

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის სახელით, გამოაცხადეს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება. სარჩელს სასამართლოში დღეს, 17 ივლისს, შეიტანენ.
ორგანიზაციები სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, მოითხოვენ „აგენტების კანონში” შეტანილი არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას.
„ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც“, – თქვა გიორგი დავითურმა, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენელმა.
დავითურის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. მისი შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითაც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.
ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, ასევე გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელეები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში შეასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედებას.
ამასთან, დავითურმა დაამატა, რომ ამზადებენ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
მათივე ცნობით, კონსტიტუციური სარჩელი ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას.
„121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, მოვითხოვთ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც.
კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.
მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, ასევე გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მთავარი ქვაკუთხედია.
ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას. ამასთან, გაცნობებთ, რომ ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – ნათქვამია განცხადებაში.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, სარჩელის შეტანას აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.
პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, დეპუტატები სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს.
ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.
სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.