,,კამპანია „კარვები საქართველოსთვის“ მთლიანად ოპოზიციისთვის მისაღები გადაწყვეტილებაა,,-გვარამია
აქვს თუ არა რეალური გეგმა 3 ოპოზიციურ გაერთიანებას – მეშვიდე დღეა, ოპოზიციის ამომრჩეველი კონკრეტული გეგმის მოლოდინშია. ბარიერგადალახული პარტიები შეხვედრებს აგრძელებენ და ორშაბათს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან სადაც, სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს, რას აპირებს ოპოზიცია.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კამპანია „კარვები საქართველოსთვის“ მთლიანად ოპოზიციისთვის მისაღები გადაწყვეტილებაა.
გვარამიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას კარვების შეგროვებაში დახმარებისკენ და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკვე 50 კარავია შეგროვებული.
საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების უფლება და ვალდებულებაცაა – უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, მხოლოდ პოლიტიკოსების აზრი არაა განმსაზღვრელი და საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იცოდნენ.
„დღევანდელი ღონისძიება პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება, საქართველოში ხალხისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების – ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. „ინფლუენსერებზე“ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ყველას თავისი გავლენა აქვს, ყველას შეუძლია ადამიანებს ხმა მიაწვდინოს. ჩვენ მაქსიმალური ჩართულობა გვჭირდება. პოლიტიკური სპექტრი ოდნავ უკანაა, ვიდრე საზოგადოება – ეს უნდა ვაღიაროთ. ამიტომ, კრიტიკული დამოკიდებულებაც გვჭირდება და ამის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ მარტო ამ ქვეყანაში. ეს პოლიტიკური პროცესია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება. ქართული საზოგადოება გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ჩვენ, ყველა.
რაც შეეხება კარვებს, ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია „კარვები საქართველოსთვის“, ეს არის ჩვენი, კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად, ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება – ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. მაგრამ ჩვენ ლოჯისტიკური ამოცანა გვაქვს და უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური“, – განაცხადა გვარამიამ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პროტესტთან დაკავშირებული გეგმების განსახილველად შეიკრიბა.
“აქ შევიკრიბეთ სწორედ იმაზე სასაუბროდ, თუ როგორია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები პროტესტთან მიმართებაში, როგორ ვაგრძელებთ პროტესტს ორშაბათს, როგორ გაგრძელდება ორშაბათის შემდეგ ეს პროცესები. ვესაუბრებით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს, რადგან ეს პროტესტი არის ყველასი, ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს თითოეულ ჩვენგან,” – აცხადებს საბა ბუაძე.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია ამბობს, რომ კარვების დადგმის ლოკაციის შესახებ, ამ ეტაპზე, საუბარს არ აპირებენ.
“აქციები არის ერთადერთი გზა და გამოსავალი – თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერები აგროვებენ კარვებს. კარვების დადგმის იდეაზე – კონკრეტულად, სად, როდის და როგორ დაიდგმება, ამაზე ახლა, ღიად და საჯაროს საუბარს არ ვაპირებთ,” აცხადებს იგორ ნარმანია.