კანონი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში
"ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე"-პრაისი

მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში – ეს არის დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის” დაინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, დეპოლარიზაცია არის ევროკავშირის რეკომენდაციების ის პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა.
“კანონები შეიძლება მიიღო, მაგრამ ერთი პუნქტია, სადაც პროგრესი არ ჩანს. არა თუ პროგრესი არ ჩანს, პირიქით, არის მუდმივი მცდელობა, რომ იყოს რეგრესი, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს საუბრობდნენ ევროპაზე მაღალ რეგისტრში. ეს ყველაფერი ხომ ფარისევლობაა, რასაც ესენი აკეთებენ?! სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დაუპირისპირდნენ სწორედ ამ პირველი პუნქტის შესრულებას.
ამას აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური წარმომადგენლები, ასევე მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ხშირად იყო ვითარება, როდესაც მივდიოდით გარკვეულ შედეგამდე და ჩამშლელების როლში გამოდიოდნენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაგალითად, მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში. ანუ, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ დეპოლარიზაციის ამოცანას. პოლარიზაციას რაც განაპირობებს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ბუნდოვანება. ანუ, ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, მეორე მხრივ, ვიღაც აფინანსებს პოლარიზაციას, ხანდახან ეს იგივე სუბიექტია. ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორც კი ამ ყველაფერში სიცხადეს შევიტანთ, მე მგონია, რომ მაშინვე პრევენციული ეფექტი ექნება ამ კანონს, ანუ, ვიღაცები უკვე თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან. აქამდე ეს თემა არც გაგვიშლია. მაგალითად, იმაზე არ გვისაუბრია, რომ ვიღაც თან გთხოვს დეპოლარიზაციას, თან გიფინანსებს პოლარიზაციას“, – განაცხადა კობახიძემ.
“ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს.
“ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრაისმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ჯერ კიდევ პროცედურებს გადის, თუმცა მიუხედავად ამისა, აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ხსენებული კანოპროექტის წარდგენის გამო.
მისივე თქმით, მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონმდებლობას ეფუძნება, რაც სიმართლე არაა.
“ჩვენი კანონმდებლობა გავლენას არ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მათი დაფინანსების წყაროებზე”, – ამბობს პრაისი.