მნიშვნელოვანისიახლეები

კანონპროექტი რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება-კვიჟინაძე

ქართულო ოცნების თქმით ცვლილების მიზანი მხოლოდ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებაა

“ოცნების” პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო. პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავდა.

კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:

ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის ინიცირებისა და დემოკრატიაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ივანიშვილი ახლა ყველაზე ახლოსაა სანქციებთან, შესაბამისად ის უკვე ამზადებს საქართველოს თავის ფულის გადასამალად. დამატებით შეშფოთებას იწვევს ის გარემოებაც, რომ ეს ცვლილება საქართველოში სხვა ოლიგარქების შავ ფულსაც გაუხსნის გზას. ქართულო ოცნება კი ამტკიცებს, რომ ცვლილების მიზანი მხოლოდ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებაა.

“რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ამაში ცუდი რა არის?”, – ამბობს კვიჟინაძე.

ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ დასანქცირების გზაზე დგას და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ოცნებამ კანონის მიღება.

“პუტინის, პეტრუშოვის, ლავროვის, ყველა თქვენი უფროსის კაპიტალი არის ოფშორებში და არის დასანქცირებული და ბიძინა ივანიშვილმა რომ იცის, რომ მათ გზას დაადგა მისი კაპიტალიც, ამისთვის გაღებინებთ დღეს ამ კანონს. ხშირად გვესაუბრებით იმაზე, რომ ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი ქართველი ხალხის და ახლა იღებთ კანონს, რომ ქართველი ხალხი გაძარცვოს მორიგ ჯერზე.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბიძინა ივანიშვილს, გამოაქვეყნოს, მის მიერ შექმნილმა ბიზნესმა რა გადასახადები გადაიხადა ბიუჯეტში, რაც ქართველ ხალხს გამოადგა და აღმოჩნდა, რომ ახლა საერთოდ კანონს ცვლის, რომ საერთოდ არ გადაიხადოს, რისი შემოტანაც აქ უნდა. ეგ არის ამ კანონის დანიშნულება”, – თქვა სამადაშვილმა.

კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “ოცნების” უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button