თავდასხმა რუსეთზე-უკრაინამ მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია და ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა
რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში"

უკრაინამ როსტოვის ოლქში, რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია და ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა, – ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია.
რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის პროპაგანდისტული, წერენ, რომ ღამის განმავლობაში მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებები იყო აეროდრომის რაიონშიც.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
კიევი ცალკეულ შემთხვევებზე ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიასაშუალებებს უდასტურებენ, რომ რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები უკრაინის სპეცოპერაციაა.
სააგენტოს წყაროს თქმით, თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.
Reuters-ის წყაროს არ დაუკონკრეტებია, როგორ განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიდევ რვა სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.
უკრაინული მხარის თანახმად, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებული არიან სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ფრონტისპირა უკრაინული ქალაქების და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების დასაბომბად.
უკრაინასთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში ძლიერი აფეთქებები გამთენიისას მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის პროპაგანდისტული, წერდნენ, რომ მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო.
ამასთან უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის სამიზნე რეგიონებს 2 აპრილს დაემატა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაც, სადაც დრონებით შეტევა იყო ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნიჟნეკამსკში სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
უკრაინის რამდენიმე მედიასაშუალება უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ ნიჟნეკამსკის ქარხნის გარდა, დრონებით შეუტიეს ელაბუგის ქარხანასაც, რომელიც ირანული „შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
უკრაინას, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ცნობისთვის, დღეს რუსულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, 44 დრონი როსტოვის ოლქის თავზე.
გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა დააზუსტა, რომ თავდასხმა მოროზოვსკის რაიონში იყო, რომელთან ახლოს მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი, რასაც ის არ ახსენებს.
“თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტრო ქვესადგური. მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღდგენის მიზნით”, – დაწერა გუბერნატორმა.
თავდაცვის უწყება ასევე ამბობს, რომ სარატოვის ოლქში ერთი დრონი ჩამოაგდეს, 6 კრასნოდარში, თითო-თითო კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში.
გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოხდა, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად.
სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი ადასტურებს, რომ ენგელსზე შეტევა იყო. თუმცა, მის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, ერთ უპილოტო საფრენ აპარატს გულისხმობს თუ რამდენიმეს, რადგან დრონს შემოკლებული ფორმით(БПЛА) ახსენებს.
ბუსარგინი წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, ხმელეთზე არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
ენგელსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა, რომელზეც დრონებით არაერთი შეტევა იყო, მათ შორის 2024 წლის 20 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ენგელსის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ეს შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.