მსოფლიოსიახლეები

კარანტინის მოხსნის სამფაზიანი გეგმა აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შტატების გუბერნატორებს ახალი კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინის მოხსნაზე მითითებები მისცა. რეკომენდაციები, სახელწოდებით “კვლავ გავხსნათ ამერიკა” 3 ფაზას მოიცავს.

ტრამპმა გუბერნატორებს განუცხადა, რომ პროცესს ისინი გაუძღვებიან და ფედერალური მთავრობისაგან დახმარებას მიიღებენ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკის ეკონომიკის გახსნა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს, თუმცა გუბერნატორებს მოუწოდა, სწრაფად იმოქმედონ იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება სურთ.

“ამერიკას სურს იყოს ღია და ამერიკელებს სურთ, იყონ ღია. სრული კარანტინი პრობლემის გადაჭრის გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნებადი გზა არ არის”, – თქვა ტრამპმა.

მან თქვა, რომ კარანტინის გახანგრძლივება მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. გაიზრდება ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარება, გულის დაავადებები და სხვა ფიზიკური და მენტალური პრობლემები.

ტრამპის განცხადებით, მოსახლეობა სამსახურებს ეტაპობრივად, არსებული პირობების შესაბამისად დაუბრუნდება, თუმცა ამერიკელებს კვლავ მოუწოდებენ სოციალური დისტანციის დაცვისაკენ და ცუდად ყოფნის შემთხვევაში, სახლში დარჩენისაკენ.

ტრამპის ადმინისტრაციის გამოცემული 18-გვერდიანი მითითებები შტატების ეკონომიკის გახსნის 3 ფაზას მოიცავს, რომლებიც მინიმუმ 14 დღე გრძელდება. მითითებებს შორისაა: ჰიგიენის დაცვა, დამსაქმებელთა მიერ სამუშაო ადგილებზე სოციალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, მოსახლეობის ტესტირება და ინფიცირებულთა კონტაქტების გამოძიება.

პირველი ფაზა, ძირითადად, უკვე არსებულ შეზღუდვებს მოიცავს, მათ შორის: არააუცილებელი გადაადგილების თავიდან არიდებას, ჯგუფური შეკრებების აკრძალვას. თუმცა, ნათქვამია, რომ რესტორნები, სალოცავი ადგილები და სპორტული დაწესებულებები, შესაძლოა, გაიხსნას დისტანციის დაცვის უზრუნველყოფის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ პირველი ფაზის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არ მოხდება, მეორე ფაზა არააუცილებელი გადაადგილების დაშვებას მოიცავს. ასევე გათვალისწინებულია სკოლების და ბარების გახსნა.

მესამე ფაზაში შტატებს, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდება, შეეძლებათ საჯარო შეკრებების, საავადმყოფოებსა და მოხუცთა სახლებში ვიზიტორთა დაშვება და ა.შ. მესამე ფაზა კვლავ მოცავს რისკის ჯგუფში მყოფი პირების მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებას.

დემოკრატიულ პარტიაში მითითებებს ბუნდოვანი უწოდეს.

ამჟამად აშშ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი სულ 678 210 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 34 641, გამოჯანმრთელდა – 57 844.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, თქვა, რომ ქვეყნის ოლქების 24%-ში ვირუსით დაავადების შემთხვევები არ არის, ხოლო შტატების ნახევარში 2 500-ზე ნაკლები შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button