მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სხვადასხვა ქვეყნები რუსეთს სანქციებს უწესებენ

“ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა “ჩრდილოეთის ნაკადი” არ გაგრძელდეს”- ჯო ბაიდენი
ვაშინგტონის ახალი სანქციები რუსეთს – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სანქციების პირველი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. კრემლის მიერ უკრაინის რეგიონების აღიარების საპასუხოდ შეზღუდვები შეეხო რუსეთის ორ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს, სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტის წევრებს.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში მზად არიან შემდგომი სანქციებისთვისაც. მისივე ბრძანებით, ბალტიელი მოკავშირეების: ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გასაძლიერებლად ქვეყნებში აშშ-ის დამატებითი ძალები განლაგდება. ბაიდენი იმედს იტოვებს, რომ კრიზისიდან დასაძლევად დიპლომატია კვლავ ხელმისაწვდომია.

“რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია. საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ და თუ რუსეთი შორს წავა შეჭრით, ჩვენც მზად ვართ მეტი სანქციისთვის. რა აძლევს პუტინს უფლებას მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიები ე.წ. ქვეყნებად აღიაროს? ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა და მკაცრ პასუხს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან.

ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციასა და სამხედრო ბანკზე.

ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც ნიშნავს, რომ შეწყდება რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენს და ევროპულ ბაზრებზე.

ასევე, დღეიდან სანქციებს დავუწესებთ რუსეთის ელიტას და მათ ოჯახებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და უნდა გაიზიარონ ტკივილიც.

რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა “ჩრდილოეთის ნაკადი” არ გაგრძელდეს.

არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ რუსეთი აგრესორია. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვრჩებით დიპლომატიისთვის, თუკი ის სერიოზულია. საბოლოოდ, რუსეთს მისი ქმედებებით განვსჯით და არა სიტყვებით. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ მას ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ,” – აცხადებს ბაიდენი.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემდეგ კანადა და იაპონიაც აცხადებენ, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველ ეტაპზე ისაუბრა.

მთავრობა ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას აუკრძალავს კანადელებს ე.წ. “დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან” ლუგანსკთან და დონეცკთან.

კანადა სანქციებს აწესებს ასევე, რუსეთის სუვერენულ ვალზე. ტრუდოს თქმით, მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს დეპუტატებს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების დაუჭირეს მხარი.

„კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს,“- განაცხადა ტრუდომ.
კანადის პრემიერი გამოეხმაურა და მიუღებელი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით.
„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, – დასძინა ტრუდომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასცა განკარგულება, რომ ლატვიაში განთავსებული კანადის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა გაიზარდოს 460- მდე, მიღებულია ასევე გადაწყვეტილება დამატებითი ფრეგატისა და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის გაგზავნაზე.
კანადის მსგავსად, სანქციებით პასუხობს რუსეთის ქმედებებს იაპონიაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას თქმით, სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

“რუსეთის ქმედებები მკაფიოდ აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ განხილვებს”, – თქვა კიშიდამ.
მისი სიტყვებით აგრძლებენ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაზე დაკვირვებას და განმარტა, რომ სანქციენის დეტალებს ამაუშავებენ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვის მიმართ დაპირებული სანქციების შესახებ გამოაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის მთავრობას დღეიდან შეუწყდება წვდომა დასავლეთის ფინანსებზე. „ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, რომელიც სრულად ბლოკავს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს VEB-ს [რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია] და სამხედრო ბანკს“, – თქვა ბაიდენმა.

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.როგორც პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, მთავრობამ ახალი ზომები „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის“ საპასუხოდ მიიღო. მისი თქმით, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს სამოგზაურო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღდეგ.

სკოტ მორისონმა განმარტა, რომ კანბერა ასევე დააწესებს “მკაცრ” ეკონომიკურ სანქციებს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა.

ავსტრალია სანქციებს რამდენიმე რუსულ ბანკსაც დაუწესებს.

”უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განსახორციელებლად მზადყოფნის პიკშია და ეს სავარაუდოდ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდება“, – აღნიშნა მორისონმა.

22 თებერვალს ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

სანქციების სამიზნე არიან, გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობას, ასევე სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.

სანქციები შეეხება ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ესენია, ბანკი „როსია,“VEB Bank“ და „პრომსვიაზბანკი“.

იმ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები უწესდებათ, არიან სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

სამხედროთა გარდა სადამსჯელო ზომები შეეხებათ რუსეთის ბიზნესის და მედიის სფეროს წარმომადგენლებს: „ვაგნერის ჯგუფის“ მფლობელს და დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, მის დედას და ცოლს, ასევე ბანკ VTB-ის ხელმძღვანელებს.

მედიის სფეროს მუშაკებს შორის, ვინც ევროკავშირის სანქციების სუბიექტი გახდა, არიან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ცნობილი წარმომადგენლები: ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი, მარია ზახაროვა, ასევე ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი და სხვები.

მედიის წარმომადგენელთა სიაშია ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც “ტროლების ფაბრიკას” წარმოადგენს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სუბიექტების სრული სია, ოფიციალურად მოგვიანებით, 23 თებერვალს გამოქვეყნდება.

ადრე გამოცხადდა, რომ გერმანია აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას, რაც ასევე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის“ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და მის განკარგულებას, განათავსოს ჯარი სეპარატისტულ რეგიონებში.

რუსეთს სანქციებს დაუწესებს ასევე დიდი ბრიტანეთი.

22 თებერვალს უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედების საპასუხოდ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button