მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა დღეს ბრალს დააზუსტებს

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა დღეს ბრალის დაზუსტებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ მუხლს არ ცვლიან – აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი.

“მოხდება ივერი მელაშვილისთვის ბრალის დაზუსტება. ჩვენთვის ამჯერად ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ დაზუსტდება არა კვალიფიკაცია, ანუ მუხლი, არამედ ბრალდების ფორმულირება და მისი შინაარსი. ეს მოქმედება ტოვებს გარკვეულ შთაბეჭდილებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროკურატურა, როდესაც 4 თვის წინ ბრალდებულებს წაუყენა ბრალი, რეალურად არ ყოფილა ჩამოყალიბებული იმ ბრალდების ფორმულირებაში და შინაარსში, რომელსაც ედავებიან,” – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

ერთი კვირის წინ, გენერალურ პროკურატურაში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მანჯგალაძე ხელმეორედ გამოიკითხა. უკავშირდება, თუ არა ბრალის დაზუსტება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან შეხვედრას უცნობია.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button