მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრემიერის თქმით დავით არახამია “რადიკალურ ოპოზიციასთანაა” კოორდინაციაში

უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დავით არახამიას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ უკრაინას უსურვებს მშვიდობას, არახამიას კი “არავინ ეკითხება, როგორ მოაწყობს ხალხი და ხელისუფლება პოლიტიკას” :

ღარიბაშვილის თქმით უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, უკრაინის რადას ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარე შეურაცხმყოფლად მოიხსენია, “ვიღაც არარაობა” უწოდა. პრემიერმინისტრის მტკიცებით, ის “რადიკალურ ოპოზიციასთანაა” კოორდინაციაში.

“ესე იგი, არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე, თქვენ გინდათ, რომ მე გავაკეთო კომენტარი, მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ -„კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია, მისი განცხადებები კი – უტიფარი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არახამიას განცხადებები ადრე უფრო აგრესიული იყო, ახლა კი „მელაკუდობა გადაწყვიტა“.
„[პრემიერმა] კი თქვა „არარაობა“, მაგრამ მე უფრო „უტიფარს“ ვიტყოდი. არ ვიცი, „არარაობა“ „უტიფარი“ რამდენად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა დაგვამცირა, მთელს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ ერთ რამეს მინდა დავაკვირდე და გავაკეთო აქცენტი, არახამია ადრე სხვა თემებზე საუბრობდა, პროცესში ჩართვაზე, საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მისი განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

არის თუ არა დავით არახამიას განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა – ამის შესახებ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში განცხადებები გაკეთდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ არახამია დასავლეთის პოზიციას იმეორებს და ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ უნდა შეფასდეს.
“ვფიქრობ, ეს განცხადება არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად. ეს არის ოფიციალური დამოკიდებულება, პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრ ქვეყანაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავისთავად, ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა, ვინაიდან დღეს “ქართული ოცნება” არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია,”- აცხადებს ბეჟაშვილი.

7 მაისს დავით არახამიამ საქართველოს მთავრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში – მისი თქმით, ქართველი ხალხი, ალბათ, აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და ახალი ძალა, ან კოალიცია იქნება. მისივე თქმით, ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა ამერიკელებმა გააფრთხილეს, არ წახვიდეო.

მსგავსი პოსტები

Back to top button