კაშხლის გარღვევის შედეგად განადგურდა რუსული თავდაცვითი პოზიციებიც
ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად გამოწვეული დატბორვის გამო განადგურებულია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოწინავე ხაზზე არსებული რუსული თავდაცვითი პოზიციებიც, ძირითადად, გოლაია პრისტანისა და ალიოშკისთან.
როგორც ინსტიტუტში ვარაუდობენ, ტერიტორიების სწრაფად დატბორვის გამო რუსული ძალები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.
საოკუპაციო ძალები აღნიშნულ ტერიტორიებს, ძირითადად, ხერსონისა და სხვა დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გასახსნელად იყენებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად რუსებმა განიცადეს ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დანაკარგი.
“ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ განიცადეს ზარალი ცოცხალი ძალით, იარაღით და სამხედრო ტექნიკით.
მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ნაწილებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ ქვედანაყოფებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალითა და ნივთებით, მანქანები და ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო ქონება”, – ამბობს გენერალური შტაბი.
თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევაზე, რომელიც რუსების კონტროლის ქვეშ იყო, მოსკოვია პასუხისმგებელი. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამერიკა ჯერ კიდევ აგროვებს ინფორმაციას მომხდარის შესახებ, თუმცა პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთზეა.
“კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და მათზეა პასუხისმგებლობა კაშხლის განადგურების, რომელიც ომმა გამოიწვია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ ამ რთულ პერიოდში”, – თქვა კარინ ჟან-პიერმა.
მისივე თქმით, ეს ტრაგედია არასდროს მოხდება, რომ არა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კახოვკის კაშხლის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა. ამის შესახებ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებელი დაწყების დამალვა გახდა.
„გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია კონტრშეტევის სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა და დაიღუპა 2 000-ზე მეტი ადამიანი. ხედავთ, როგორი სუფთა, ფრთხილი პოზიცია უჭირავს შეერთებულ შტატებს, ეს აღნიშვნის ღირსია. მათ თავიდანვე თქვეს: ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, ვთქვათ, ვინ ჩაიდინა ეს, ჩვენ უნდა გავარკვიოთ. დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე?“ – განაცხადა ალექსანდ ლუკაშენკომ.
რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.