ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

კერძო სექტორს შემოსავლების სამსახურთან შენიშვნები აქვს

ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო პერიოდში იმპორტირებული ტვირთები ხშირად ე.წ. ყვითელ დერეფანში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ხვდება. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს ბოლო დროს იმდენად გახშირდა, რომ ბიზნესი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგზე ალაპარაკდა. გაუგებარი მიზეზების გამო კომპანიები ფინანსურად ზარალდებიან. ბიზნესს უწევს, ბიუჯეტში გადასახდელი თანხები დაუყოვნებლივ მოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთს ქვეყანაში ვერ შემოიტანენ.

კერძო სექტორის პრეტენზიებს შემოსავლების სამსახური პასუხობს. უწყების განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს საბაჟო კონტროლისას ყვითელ დერეფანში დეკლარაციების შერჩევის სიხშირე ხელოვნურად არის გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანისა და ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, როგორც საბაჟო, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ ერთდროულად ხორციელდება, შესაბამისი ადმინისტრირების პროცესი, კერძოდ: ინფორმაციის დამუშავება, რისკების იდენტიფიცირება და რისკის პროფილების შემუშავება.

“მოქმედი კანონმდებლობით დეტალურად არის განსაზღვრული, https://rs.ge/LegalEntityCustomsProcedures?cat=12&tab=1 რომ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას (დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით), მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გადამხდელი ვერ უზრუნველყოფს საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის გადახდას ან ამ თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენას და არც გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აქვს საკმარისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი თანხა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან,  კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, მათი სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დეკლარირებული საქონლის დასაწყობება და ეტაპობრივად გაიმპორტება ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევა,” – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის პროცედურებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით.

დერეფანი – (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიებაა, რომელსაც საბაჟო მოხელე ახორციელებს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;

დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის მიზნით განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:

ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) ლურჯი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

გ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერების გარეშე;

დ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას. იმპორტის გადასახადის განაკვეტებზე სრული ინფორმაცია მოცემულია საქარტველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის 197- მუხლში.

იმპორტირებული საქონლის ყვითელ დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში კომპანიას საბაჟოზე უწევს დღგ-ს გადახდა, მწვანე დერეფანში მოხვედრისას კი მას გამშვები პუნქტის დატოვების უფლება აქვს, დამატებული ღირებულების თანხის გადახდისთვის კი ხუთდთლღიანი ვადა ეძლევათ.

იმპორტის გადასახადია: იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემონატასთან დაკავშირებით. იმპორტის გადასახადის განაკვეთი საქონლის სატარიფო ღირებულების 5%-დან 12%-მდეა.

იმპორტზე დღგ-ის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს იმპორტის ტანხის 18%-ს. იმპორტი დღგ-ის იხსის საქონლის იმპორტის განხორციელების დროს.

აქციზის გადახდის ვალდებულება იმპორტს ეკისრება შემდეგი სახის საქონლის შემთხვევაში: ალკოჰოლიანი სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა.

საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ზონები და პორტალებია:

„წითელი ხიდი”,

„სადახლო”,

„გარდაბანი და მტკვარი”,

„ახკერპი”,

„გუგუთი”,

„ლაგოდეხი”

„სამთაწყარო,”

„ყაზბეგი”,

„ვალე”,

„ნინოწმინდა”,

„სარფი”,

„ბათუმის აეროპორტი”,

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”

„თბილისის აეროპორტი”,

„ბათუმის პორტი”,

„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.”

 

მსგავსი პოსტები

Back to top button