კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი 20 დღემდე ვადით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის.
ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლელა ნანიტაშვილის მიერ შეთავაზებულ შუამდგომლობას ჯაიანის ადვოკატები დასთანხმდნენ. ადვოკატმა მედიასთან განმარტა და თქვა რომ არც ჯაიანია ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი.
სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.
26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამასთან, საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო სტაციონარული, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატის, სალომე არდოტელის განცხადებით ის საკუთარ პოზიციას პირველად 7 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.