მნიშვნელოვანისიახლეები

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება. მას უკვე შეხვდა ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია. ამის შესახებ, ბრალდებულის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა, დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად საქმის გარემოებებზე, არა თუ მის პოზიციაზე, მე როგორც მისი ადვოკატი, მისი ინტერესების დამცველი, ამ მოცემულობით ვერ ვისაუბრებ,“ – აცხადებს ბექა ჯაიანის ადვოკატი, სალომე არდოტელი.

26 წლის მამაკაცი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კინოლოგიური სამსახურის ძაღლმაც კვალი აბრამიძის კორპუსის მიმდებარედ დაკარგა, სავარაუდოდ, იმ ადგილას, სადაც ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულსა და კესარია აბრამიძეს შორის კონფლიქტები ხშირი იყო და აბრამიძე ძალადობის მსხვერპლი გახლდათ.
მედიამ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები მოიპოვა. ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან ბექა ჯაიანი. ის მერვე სართულიდან, სადაც კესარია აბრამიძის სახლი მდებარეობს, კიბეზე სწრაფი ნაბიჯით ჩადის.

სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, როგორ ყიდულობს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ჯაიანი პროდუქტს მაღაზიაში, როგორ შედის სადარბაზოში და როგორ ელოდება ლიფტს. ამ ვიდეო მასალის მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაული ზუსტად 14 წუთშია მომხდარი.

ჯაიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. პროცედურა ხვალ შედგება და სასამართლოც სავარაუდოდ მის აღკვეთზე ხვალ იმსჯელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის – კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში,
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს
საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “თ” და “მ” პუნქტებით
მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლული იპოვეს. ქალს მრავლობით ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button