მსოფლიოსიახლეები

„ხაბაროვსკო, ჩვენ შენთან ვართ!“

პოლიციამ შაბათს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხაბაროვსკის მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების, დაახლოებით, 70 მონაწილე დააკავა.

ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების გარდა, მცირერიცხოვანი აქციები გაიმართა ასევე, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.

საპროტესტო აქციები ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მათი ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ქუჩაში გადიან, რათა „მტრედებს საკენკი დაუყარონ“.

ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ხაბაროვსკში, სადაც წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 3 500-მა კაცმა მოიყარა თავი, პოლიციას არავინ დაუკავებია.

დაკავებულთა სია საიტმა “ОВД-Инфо” გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ყველაზე მეტი, 23 კაცი სანკტ-პეტერბურგში დააკავეს.

იქ დემონსტრანტები, „მტრედებისათვის საკენკის დაყრის“ შემდეგ, ქალაქის ცენტრისაკენ გაემართნენ.

მოსკოვში, ნოვოპუშკინის სკვერში, პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.

„პიტერო, გამოდი!“ და „ხაბაროვსკო, ჩვენ შენთან ვართ!“ – სკანდირებდნენ სანკტ-პეტერბურგში გამართული აქციის მონაწილეები.

სერგეი ფურგალის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ვლადივოსტოკში გაიმართა, პოლიციამ ასევე, რამდენიმე ადამიანი დააკავა.

საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში 9 ივლისიდან დაიწყო და რუსეთის სხვა ქალაქებსაც მოედო. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, როცა სამართალდამცველებმა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვის, მოსკოვში ჩაიყვანეს.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად, დროებით, სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი დანიშნა, რომელიც სერგეი ფურგალის თანაპარტიელია ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

მოსახლეობის ნაწილი მიხაილ დეგტიარიოვს უნდობლობას უცხადებს და სერგეი ფურგალის მიმართ წაყენებული ბრალდების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

ფურგალი 2 000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირშია ბრალდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button