მნიშვნელოვანისიახლეები

,,ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები,,-მოსამართლე ნინო ენუქიძემ მომღერალი ლექს-სენი 500 ლარით დააჯარიმა

თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000 ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი, – ასე შეაფასა მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ („ლექს-სენმა”) სასამართლოს მიერ მისი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება.
აღნიშნული განცხადება მომღერალმა მედიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკეთა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პროცესი გაიმართა. ლექსო ქავთარაძე სასამართლომ გასული წლის 29 დეკემბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საქმე მოსამართლე ნინი ენუქიძემ განიხილა. როგორც მომღერალმა განაცხადა, ის 29 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა იდგა ნაძვის ხესთან და გზა არ გადაუკეტავს.
„2-3 საათიან კონცერტებს ისე ვატარებ ხოლმე, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, ერთადერთი მომენტია დღეს, რომ ლაპარაკს, პოზიციის დაფიქსირებას რა აზრი აქვს. რაღაც ძალიან დიდი მასკარადია, მეცინება, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, არაფრის გამო გაჯარიმებენ.
სხვა რაღაცა უნდა ვიკითხო თქვენთანაც, ყველა ვმუშაობთ ტელევიზიებში.( სასამართლოს გადაწყვეტილებას) კითხვით გავცემ პასუხს – უფროსმა რომ გითხრათ, მიდი, რესპონდენტებს თუ გინდა აგინე, კოლეგებს, რაც გინდა ქენი და პრობლემა არ არის, გარანტიას გაძლევ, დაწინაურდები, ხელფასსაც მოგიმატებო, დაიჯერებთ ამას? ხომ არ დაიჯერებთ? არც არავინ დაიჯერებს და ეს ხალხი, რატომ დააჯერა რეჟიმის მსახურებმა?! რატომ დაიჯერეს, რომ ვიღაც გაძლევს შენ გარანტიას, ადამიანები უსამართლოდ აჯარიმე, გააწამე და ასე, სულ ბედნიერად და კარგად იქნები. აბსურდია. მარტივი ზღაპარია, ერთი დრო არავის შერჩებაო და მართლა, სადმე წერტილი მაინც ხომ იქნება. მერე ეს ცოდვები კუდივით ხომ გამოგყვება, მე ამას ვხვდები.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, – განაცხადა ლექსო ქავთარაძემ.
მომღერალს ეცვა ე.წ. ჰუდი წარწერით „ვისაც ჩვენთან არ უნდა, სხვა გზით იაროს”, რაც მისივე განმარტებით ნიშნავს შემდეგს – „ვისაც საქართველოსთან არ უნდა, სხვა გზით იაროს”.
შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც მომღერლის მხრიდან გზის გადაკეტვა ჩანს. საპირისპიროს ამტკიცებდა ლექსო ქავთარაძის ადვოკატი, ამიტომ მან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ შსს-ს შუამდგომლობა გაითვალისწინა და მომღერალს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

ოლიგარქის სასამართლომ, გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის გიგი უგულავა სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გიგი უგულავას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ცნობისთვის, უგულავას “თბილისი მოლთან” გამართული აქციის დროსაც ედავებიან გზის გადაკეტვას. ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
5 თებერვალს სასამართლომ გიგი უგულავას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.

სასამართლომ ომარ ოკრიბელაშვილის მამა გიორგი ოკრიბელაშვილი 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ოკრიბელაშვილი 11 თებერვლის ღამეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ადვოკატ დავით გამყრელიძის თქმით, ის რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების თავშეყრის ადგილას მივიდა, რომლებმაც პირველ გიმნაზიასთან განცხადება გააკეთეს. ამ განცხადების შინაარსი კი ოკრიბელაშვილისთვის მიუღებელი იყო, რადგან მისი შვილის ადვოკატის კეთილსინდისიერებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, ომარ ოკრიბელაშვილი მარტის აქციების დროს დააკავეს. მას და საბა მეფარიშვილს პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდნენ. ორივე მათგანს 20 იანვარს მოსამართლე ნინო გუდაძემ დამნაშავეებად ცნო და საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა ივანიშვილის “პრეზიდენტ” ყაველაშვილს ომარ ოკრიბელაშვილის შეწყალების თხოვნითაც მიმართეს.

ამ 76 დღის განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა

დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, – მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
აქციებზე დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;
პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 31-ე დღეა, შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ;
2024 წლის დეკემბერში აკრძალეს აქციებზე სახის დაფარვა, – როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობა გამოუძიებელია სწორედ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის გამო;
აკრძალეს ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება;
აკრძალეს აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით.
მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი კანონთა პაკეტს, რომელიც იმავე დღეს მიიღო “ქართული ოცნების” სადავო პარლამენტმა და შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.
„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button