,,ხალხს აწუხებს უმუშევრობა ფასების ზრდა მიგრაცია-პრემიერის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება,,-ოპოზიციის შეფასება

ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
მისივე თქმით, გამოსავალი არსებობს, რაც 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებით უნდა მოხდეს.
“ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობასა და ხალხის პრობლემებს. დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია.
ამ დროს პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის და იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს.
ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს. მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია!”, – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს – ასე აფასებს ენმ-ის თავმჯდომარე სამთავრობო ცვლილებებს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პარტია მოტივირებულია გამდიდრებაზე და არა მოქალაქეების ინტერესებზე. მისივე განცხადებით, გადაადგილებებზე გადაწყვეტილებები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მათ სერიოზული პრობლემები აქვთ:
„ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება, ცხადია არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა, ცხადია არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსავალი და ცხადია არც ემიგრანტებისთვის არ იქნება ეს ცვლილებები შვება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება ქვეყანაში იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა „ქართულ ოცნებაში“. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები, ვილები და არ მოემსახურონ ხალხს. შესაბამისად, ეს წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები და პრობლემები რომ აქვთ, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რომ მომავალში გვქონდეს ღირსეული შემოსავალი, ღირსეული ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ჩვენს ემიგრანტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, იშრომონ საქართველოში და ისე შეინახონ საკუთარი ოჯახები.“ – განაცხადა ხაბეიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლებით რეალურად ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება.
ელისაშვილის თქმით, შეიძლება, პრემიერად კობახიძის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კორუფციაში არ არის შემჩნეული.
„ერთი ირაკლი მეორე ირაკლის შეცვლის და ერთი მეორეზე მაღალი რომ არის, ეს იქნება, მეტი არაფერი შეიცვლება. ვარცხნილობა აქვს კიდევ უფრო განსხვავებული. რეალურად არაფერი შეიცვლება – ისევ მოვისმენთ, რომ ეკონომიკა ყვავის, გადადუღდა და ორთქლი ამოსდის, ყველა რომ მდიდრები ვართ და მინიმუმზეა უმუშევრობა. ქვეყნისა და ხალხისთვის არაფერი შეიცვლება. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მართლა ბევრ რამეში არ ერეოდა და ბევრმა ჩათვალა, რომ ბრჭყალები მოუცვდა. Ახლა უნდა, აჩვენოს, რომ მთლად პენსიაზე არ ყოფილა წასული. როცა კამერა ირთვება, კობახიძე საშინლად, ცინიკურად და აგდებულად ლაპარაკობს ოპონენტებზე, მაგრამ ვერ იტყვი, რომ კომპეტენტური არ არის. საპარლამენტო საქმიანობაში კომპეტენტური იყო. ირაკლი კობახიძე, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კორუფციაში შემჩნეული არ ყოფილა. ღარიბაშვილი თვითმფრინავს სახელმწიფოს ხარჯზე დაატარებდა და შვილი დაჰყავდა უნივერსიტეტში. შეიძლება, კობახიძის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კორუფციაში არ არის შემჩნეული“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის თანამდებობის ცვლილებებს კომიკურს უწოდებს – ის აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი “დაამცირა”.
“სასაცილოა, კომიკურია, ღარიბაშვილი გეგმებს აწყობდა […] და აგერ მოასრიალეს ერთ წუთას, ძალიან დაამცირა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, მთელი ეს ვერტიკალი, რომელიც მისი კადრებით იყო დაკომპლექტებული, ჩამოიშლება და ეს პრობლემებს შექმნის ქართულ ოცნებაში, ისევე როგორც მთავრობაში. ივანიშვილი თავად მოვიდა მმართველობაში, მარტივად რომ შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა გოცირიძემ.
ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს ცვლიან:
“ბატონი ივანიშვილი, ახლა უკვე ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრად იურისტ-კონსტიტუციონალისტ კობახიძეს დანიშნავს, რომელმაც დიდი ექსპერტივით ეკონომიკაზე დაიწყო საუბარი. კობახიძეს გაუგია, რომ ხალხს სიღარიბე და დაბალი შემოსავლები აწუხებს და ამიტომაც საუბრობს ეკონომიკაზე, რომლის ბაიბურშიც არ არის! 2003 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეკონომიკა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაზარდესო.
მარტო ამითაც ჩანს ორი რამ: პირველი – არ მოსწონს ამ კაცს, ევროკავშირში რომ გვინდა! გააჩნია სასტარტო პირობებს – 2003 წელს ჩვენ ნულიდან, მინუსებიდან დავიწყეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი უკვე კარგად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, თურმე, გერმანიაში დღეს ხალხი სამჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში. სამჯერ უკეთაც ცხოვრობს და რვაჯერაც. ამიტომაც ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! და მეორე – საქართველოს ეკონომიკამ ნახტომები 2003-2012 წლამდე პერიოდში გააკეთა, ბატონო კობახიძევ, ხოლო 2012-დან დღემდე ბიტკოინების ქარხნების და ერთი-ორი სასტუმროს გარდა, არაფერი აშენებულა, არცერთი ახალი დარგი არ „ამოქოქილა“ და ისიც ხომ გასაგებია, რატომ?!
„ქართული ოცნება“ ვერასდროს ააშენებს ეკონომიკას, რადგან ის ვერასდროს ააშენებს სამართლიან სახელმწიფოს. ეს ორგანიზაცია სრულად დაცლილია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხისგან, ამ პარტიაში დარჩნენ მხოლოდ მორჩილი, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული ადამიანები.
ერთი სიტყვით, 2012 წელს, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაქნილმა „ოცნებამ“ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას „გვათოხლა“ და ახლაც, ეკონომიკის აღორძინების და შედეგად, მოსახლეობის გამდიდრების ახალი „სათოხლაო“ გეგმა შემოგვიგდეს. ბატონებო, 12 წელი გქონდათ ეკონომიკის გასაზრდელად და 2017 წელს ჩვენს ხალხს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა – ვადა გაგივიდათ!
დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ახალი, კოალიციური ხელისუფლება მოვა გამჭვირვალე, დეტალურად ჩაშლილი ეკონომიკური ზრდის პროგრამით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმით, რომელშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთავარი მაინტეგრირებელი ფაქტორი სწორედ საქართველოს ეკონომიკური ნახტომები იქნება.
ასე რომ, მე იმედიანად ვარ! საუკუნეების სიბრძნეა, რომ ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს. ისეთი ყალბი და გაქნილი ხელისუფლება კი, როგორიც ჩვენ გვყავს, არ დაგვიმსახურებია და ზუსტად ვიცი, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვეღარ „გვათოხლებენ“!” წერს ოქრიაშვილი.
მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. როგორც “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩიამ ამბობს, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძე შეცვლის, განსაკუთრებულს არაფერს ცვლის.
“შეიცვლება ის, რომ კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი და ღარიბაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე. დანარჩენი, რასაკვირველია, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ორივენი ისედაც მაღალ თანამდებობაზე იყვნენ და ახლა, როცა ეს მაღალი თანამდებობა ერთმანეთში გაცვალეს, ამით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, ჩემი აზრით,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებლის”, პაატა მანჯგალაძე სამთავრობო ცვლილებებს ფასადურს უწოდებს.
“არსებითად არაფერს შეცვლის, ირაკლებისთვის შეიცვლება – კობახიძეს დაუძახებენ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს დაუძახებენ პარტიის თავმჯდომარეს. აქამდე პირიქით იყო. აი, ეს შეიცვლება, ხალხისთვის არაფერი არ შეიცვლება. ამ ფასადური ცვლილებების მიღმა ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომ “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში? – პროცედურებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განმარტავს:
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. ამ დროს მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.
პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ მთავრობის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს
პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 ხმა).
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ზემოთ აღნიშნული ორი კვირის ამოწურვიდან მომდევნო 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
თუ მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.
შეგახსენებთ, დღეს, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა. მას სავარაუდოდ ირაკლი კობახიძე შეცვლის. ღარიბაშვილი კი კობახიძის თანამდებობას დაიკავებს და “ოცნების” თავმჯდომარე გახდება.