მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხარება და საგანგებო მდგომარეობა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას ესწრება.

ტაძარში წირვას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი და მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აღავლენენ. უცნობია, რატომ არ იმყოფება თავად ილია მეორე სამებაში. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კვირას განაცხადა, რომ ხარების სადღესასწაულო წირვას პატრიარქი ჩაატარებდა.

მოგვიანებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმმა, ცისანა შარტავამა განაცხადა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისი ინფორმაციით, უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო.

„ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა“, – განაცხადა ექიმმა.

საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მრევლი 1 კოვზით ეზიარება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ლუტურგიას პირდაპირი ეთერით აშუქებს.

პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლიდან ილოცონ და დაიცვან დედა ეკლესია. ,,ეკლესია ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისთვის”,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button