საქართველოსიახლეები

ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევის განხორციელება საკითხზე: „ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა“.

მოკვლევის შედეგად მოხდება:

სკოლამდელი განათლების ხელმისაწდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა; სკოლამდელი განათლების სისტემის მართვისას სახელმწიფო უწყებების კოორდინაციის ეფექტიანობის შეფასება; ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიწოდების მიზნით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა; სკოლამდელი განათლების მართვის, პერსონალის, საგანმანათლებლო რესურსების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის განსაზღვრა ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის; COVID 19-ის გავლენის შეფასება სკოლამდელი განათლების შეუფერხებლად მიწოდებაზე და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მზაობა არსებულ მდგმარეობაში ოპერირების თვალსაზრისით.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან: გუგული მაღრაძე, ეკა ბესელია, რუსლან გაჯიევი და მთავარი მომხსენებელი, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, 19 აგვისტომდე მიიღება სხვადასხვა უწყების, ორგანიზაციის თუ მოქალაქეების მიერ, ტექნიკური პირობების შესაბამისად მომზადებული მოსაზრებები და დოკუმენტაცია;

20 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში გაანალიზდება მიღებული ინფორმაცია;

7-17 სექტემბერს გაიმართება ზეპირი მოსმენები;

30 სექტემბერს მომზადდება მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნა.

თემატური მოკვლევა არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში ეხმარება. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით.

შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button