ხარისხობრივად ქართული არჩევნები მოლდოვის და ამერიკის არჩევნებს ბევრად აღემატებოდა-ოცნება
ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე
ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ უცხოელი პოლიტიკოსები, ჩინოსნები და ზოგიერთი დიპლომატი, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამით ჩვეულებრივად ჩარეული იყვნენ შიდა პოლიტიკაში გაერო-ს წესდების და ვენის კონვენციის დარღვევით.
„ეს ხალხი დამარცხდა ამ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათაც გასცა პასუხი ყველა მათ მცდელობაზე, რომ თავს მოეხვიათ ქართველებისთვის მათი არჩევანი. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე, რათა ვიღაცამ არ მოინდომოს მისი წაყრუება. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, რომ დგას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, იგივე აქტორები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ ამ კანონის გაქუმებისკენ, ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა გამჭვირვალობის კანონი, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რა აღმოჩნდა 26 ოქტომბერს? გამოვიდა ქართველი ხალხი და ყველა ამ აქტორს უთხრა, რომ მისი ნება არის ამ კანონებით განხორციელებული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ შეჯამდება. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის არჩევნები ჩატარდა.
„თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მთავრობის შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ პარალელური დღის წესრიგი შექმნან, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა ჰქონდათ, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები. გახსოვთ მაშინ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება. დღეს ამის არავითარი რესურსი აღარ არსებობს. პროცესები ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა და მთავრობას ნდობა გამოუცხადდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც პროცესები განვითარდება“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ არჩევნებს იგებდა, მაგრამ დღეს თავს იმართლებენ.
„ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ ისინი არჩევნებს იგებდნენ და დღეს თავის მართლება უწევთ. ეს არის თავის მართლების ფორმა. საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა. რეალურად, იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 ათასზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ამის საფუძველი არაფერი იყო. შემდეგ 200 ათასზე ჩამოვიდნენ, როცა ნახეს, რომ ჭარბ რიცხვებზე საუბრობდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხარისხობრივად აშშ-ის და მოლდოვის არჩევნებს ბევრად აღემატებოდა.
„სინამდვილეში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ იგივე მოლდოვის, აშშ-ის არჩევნები. ხარისხობრივად, ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში შევა.
“მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ. განცხადება მედიასთან პრემიერ მინისტრმა.
კობახიძე აქვე დასძინა, რომ არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არა აქვს, რადგან ოპოზიციას არავითარი რესურსი, საპარლამენტო ცხოვრებას რაიმე სარგებელი მოუტანონ, არ გააჩნია.
“რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არ შესვლას არავითარი ფასი არა აქვს – თუ არ შევლენ ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მეტი სიმშვიდე, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და ისედაც დავიცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და გამართულად. ეს ძალიან კარგად იციან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ” – ამის შესახებ გაცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.
მისი თქმით, არ არსებობს არცერთი ქვეყანა, მეგობარი და პარტნიორი, რომელმაც არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა.
“პირველ რიგში, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და გამართულად. ეს ძალიან კარგად იციან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომელმაც არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენა ეჭვქვეშ. ვერცერთ ასეთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ. არსებობს ეს განცხადებები და თითიდან გამოწოვილი გამოძიებები, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ოპოზიციის ჟივილსა და წიავს ამ თითიდან გამოწოვილ თემაზე, ორი კვირა გავიდა არჩევნებიდან და ცალკე პროკურატურა, ცალკე ჩვენ მოწოდებით ვეუბნებით, რომ მოიტანეთ ერთი ფაქტი, სად იყო დარღვევა.
მოდით გავშალოთ, რით დაიწყეს საერთოდ. ჯერ 300 ათასი ხმა გააყალბესო, წარმოიდგინეთ, რა დონეზე აყენებენ შეურაცხყოფას საზოგადოებას, შემდეგ 300 არა 200-იო, მერე 100 ათასი პირადობა ჩამოართვით საზოგადოებასო. 100 ათასი ადამიანიდან ერთი როგორ არ შეიძლება გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც რაიმე ფაქტს დადებდა. შემდეგ რაღაც საერთაშორისო გამოძიებაზე გვესაუბრებიან. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ, თუ რა დონეზე უსამშობლოები არიან. ქვეყანა გაუქმდა? კონსტიტუცია აღარ გვაქვს? უწყებები აღარ არსებობს? რომელ საერთაშორისო გამოძიებაზე საუბრობენ? ორი კვირაა ცდილობენ, თითიდან გამოწოვილი უტიფარი სიცრუე გაყიდონ თავიანთ ამომრჩეველზე… კითხვა მიჩნდება, არ რცხვენიათ?”, – ამბობს ირაკლი კირცხალია.