მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სტოლტენბერგი ზელენსკის თხოვნით უკრაინა-NATO-ს საბჭოს იწვევს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ.

“შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა კონსულტაციები გამართონ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით და განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით”, – თქვა ალიანსის პრესსპიკერმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანს შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა სთხოვა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა.

„ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით – უკრაინა-ნატოს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგი] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა გაანადგურებს რუსულ გემებს, თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს თავდასხმას სამოქალაქო გემებზე.

უკრაინა-NATO-ს საბჭო ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა. პირველი სხდომა 12 ივლისს ჩატარდა.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, “ამ დრომდე არ შესრულებულა”. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტზე თავდასხმები გააძლიერა. მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button