“6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს.

მეორე ტურში ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენზე მისი გვარი მაინც დატანილი იყო, ხმათა 12,45% მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ კი – 87,55%.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა ხმათა 31,35% მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა – 68,65%. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ათივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია.

ასევე, ყველა, 52-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია ხაშურის საარჩევნო ოლქში. წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ – 38, 69%.

ბორჯომში 30-ვე საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმათა 44,78% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ – 55,22%.

რაც შეეხება მარტვილს, დათვლილია 39-ვე საარჩევნო უბანი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგორვა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ კი – 93,04%

ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, 62-ვე უბნის წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 49,89% დააგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი – 50,11%.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა უბნის მიხედვით დათვლილ წინასწარ შედეგებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button