მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კადიროვი უკრაინულ დაზვერვას მეგობრის პოვნას სთხოვს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის დაზვერვას მიმართავს, რომ მისი მეგობრის, რუსეთის დუმის დეპუტატის ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვის მოძებნაში დაეხმარონ, რომელიც უკრაინაში ფრონტზე იმყოდებოდა. ჩეჩენი პოლიტიკოსი რამზან კადიროვის მარჯვენა ხელად მიიჩნევა.

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ ადამ დელიმხანოვი დაჭრილია. მანამდე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია დელიმხანოვის ბრძოლის ველზე დაღუპვის შესახებ. ამაზე პირველი ცნობა გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლმა პოლიტოლოგმა კირილ საზონოვმა. ის ირწმუნება, რომ ჩეჩენი დეპუტატი უკრაინული დანაყოფების ოპერაციის შედეგად, ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ პრიმორსკში დაიღუპა. ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.
შეტყობინებაში არაა აღნიშნული, სად და რა ვითარებაში დაიჭრა დუმის დეპუტატი, არც ისაა აღნიშნული, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

14 ივნისს ტელეგრამ არხზე ჩეჩნეთის ლიდერმა დაწერა, რომ დელიმხანოვს ვერ უკავშირდება. თავის ანგარიშზე კადიროვი უკრაინის დაზვერვას მიმართავს და ჯილდოსაც ჰპირდება.

“ვერაფრით ვერ გავდივარ ადამ დელიმხანოვზე. კავშირზე არ გამოდის. ვთხოვ უკრაინულ დაზვერვას ინფორმაციას იმის შესახებ, ზუსტად რომელ ადგილას და რა პოზიციებზე მოხდა დარტყმა, რათა საბოლოოდ ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა. გპირდებით გულუხვ ჯილდოს და ძალიან გთხოვთ დახმარებას”, – დაწერა კადიროვმა.

13 ივნისს კადიროვი წერდა, რომ მისი დავალებით დელიმხანოვი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და როსგვარდიის რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა.

ამასთან, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ტელეფონით საუბრა დელიმხანოვს და ის “ცოცხალია და ჯანმრთელადაა”.

53 წლის დელიმხანოვი, სხვადასხვა მონაცემით, კადიროვის გარე ბიძაშვილია. ის რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო დუმის დეპუტატი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშაა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ხმაურიანი საქმე. მისი ძმა, რუსეთის გმირის წოდების მქონე რუსლან იამადაევი, რომელიც კადიროვის მეტოქედ მიიჩნეოდა, მოსკოვში 2008 წელს მოკლეს.

თვითონ დელიმხანოვმა რუსეთის გმირის წოდება 2022 წლის აპრილში მიიღო, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი მარიუპოლი აიღეს.

დელიმხანოვი უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მონაწილეობს ამ აგრესიაში. ის ხელმძღვანელობდა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმს, რისთვისაც 2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.
დელიმხანოვი კადიროვის “მარჯვენა ხელად” ითვლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button