ხელისფლების უარი კომენდატის საათის მოხსნაზე და პროტესტი მარნეულში

მოძრაობა საქართველოსთვის დღეს მარნეულში კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დაარღვევს. სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის 1 ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა.
“საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!
ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, 21 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში! პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს!”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართეს და დღესასწაულთან დაკავშირებით, კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მოითხოვეს. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.