ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს ჩვენ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას არ ვიღებთ
ვნანობ აეროპორტების არსებობას ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის გამო

საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე ისაუბრა ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ „ცუდი არაფერია“ უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენაში.
„თქვენ იცით, რომ ეს შეზღუდვა ცალმხრივად იყო დაწესებული. მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ის, რომ უვიზოდ მიმოსვლა და ფრენებიც შესაძლებელია, ცუდი ამაში არაფერია. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. სანქციებს არ ვუერთდებით.
პირდაპირი ფრენები მარტო საქართველოშია? არ გაქვთ ინფორმაცია, რომელ ქვეყნებში დაფრინავს რუსეთიდან თვითმფრინავები? მარტო საქართველოშია ანალოგიური ფრენები?!” – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდება ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გვქონდა და ჩვენ ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ეს არის ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გასაგებია მათი შეშფოთების საგანი, თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეები ამ დრომდეც შემოდიოდნენ სახმელეთო გზით. შესაბამისად, სამხარაძის თქმით, საბოლოო თვალსაზრისით არაფერი იცვლება.
„მესმის, რომ მათ გამოხატეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ფრენები აღდგება, თუმცა, ეს არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რადგან რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეები ამ დრომდეც შემოდიოდნენ სახმელეთო გზით და ასევე არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ ამ დრომდეც შემოდიოდნენ რუსეთიდან საჰაერო გზით, ხან სტამბოლის, ხან ერევნის, ხან ბაქოს გავლით. ამიტომ, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, აქ რეალურად არაფერი იცვლება. ამას აქვს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა, თუმცა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება, ბევრ სხვა რამესაც ჰქონდეს და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მნიშვნელობის საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ეს თავისთავად არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც გვაქვს რუსეთთან მიმართებით, რომ რუსეთს არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს, მაგრამ ასევე არ ვიღებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ მოვემსახურებით სანქცირებულ ავიაკომპანიებს ქართულ აეროპორტებში და არ მივიღებთ სანქცირებულ ბორტებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის შეფასებით, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამიტომ დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რა შეიძლება, იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და როგორ შეიძლება, საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ის იმყოფება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ყველა რუსული ავიაკომპანია არ ჰყავს დასანქცირებული. მისივე თქმით, გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდე არ უწესებენ.
„ევროკავშირს ყველა რუსული ავიაკომპანია არ ჰყავს დასანქცირებული. სხვათა შორის, ამაზეც შეიძლება, კითხვის ნიშნები დაისვას. მაშინ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული. ეს თავისთავად დამოკიდებულია იმაზე, რომ გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა ინტერესები, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდეც არ უწესებენ. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები, ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ გვიმუშავია იმაზე, რომ ფრენების შესახებ ეს სანქცია რუსეთის მხრიდან მოხსნილიყო და არც იმაზე გვიმუშავია, რომ უვიზო რეჟიმი შემოეღოთ რუსებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ის დრო, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე. მათ ეს გადაწყვეტილება რაღაცისთვის სჭირდებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა, ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავაზიანოთ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უნდა ხვდებოდნენ იმას, თუ რა შეიძლება, იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან, ერთი მხრივ, რუსეთის მხრიდან და მეორე, როგორ შეიძლება, საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით. ვგულისხმობ ოკუპაციას, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოს და ასევე, ვგულისხმობ იმას, რომ ქართული პროდუქცია, თუნდაც ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა ნაწარმი, თავისუფლად ვერ შედის ევროკავშირის ბაზარზე. როდესაც ჩვენ გვექნება ეს ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა ევროკავშირისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, რომ უფრო თამამად ვიმოქმედოთ სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან კავშირი აქვს იმ 12 პუნქტს, რომელიც განსაზღვრულია და რომელსაც ვასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსეთში ასი ათასობით ქართველი ცხოვრობს და თუ მათ საქართველოში ჩამოსვლა გაუადვილდებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
“რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სხვა გზით? მანქანით შეუძლია ჩამოვიდეს, ასევე სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩამოვიდნენ და თუკი საქართველოს მოქალაქეს გაუმარტივდება ამ გზის გავლა, დაზოგავს დროს და ფინანსურ რესურსებს, თქვენ ამაში რას ხედავთ ცუდს?”, – განაცხადა მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, “ქართული ოცნება” ევროკომისიის 12 პუნქტს “ძალიან ერთგულად” მიჰყვება.
“კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განკუთვნილი არის 12 პუნქტი, რომელსაც “ქართული ოცნება” მიჰყვება ძალიან ერთგულად და ბოლომდე. რაც შეეხება ოპოზიციას – ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუშალონ სახელმწიფოს იმაში, რომ ეს არ შესრულდეს.
ძალიან გთხოვთ, მე დასავლეთზე ნუ მელაპარაკებით. ძალიან კარგად ვიცი, მათ შორის, ევროპული სულისკვეთება. შვიდი წელი მაქვს გატარებული გერმანიაში, განათლებაც იქ მაქვს მიღებული, უამრავი მეგობარი მყავს და ძალიან კარგად ვიცი ევროინტეგრაციის საკითხებიც”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ვნანობ {თბილისის და ბათუმის} აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ქართველები საქართველოს ერთგულები უნდა დარჩნენ.
“ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად. ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008 წელს, რუსეთის მიერ 500- კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა.
უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო.
ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ”,- წერს სააკაშვილი.