“ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბ პირადობებს ბეჭდავს”

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
საია-ს აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
საია-ს ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
ირმა პავლიაშვილის თქმით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულების ნიშნებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები იმ პირთა ვინაობასაც ასახელებს ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს.
“გამჭირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 10 დღის წინ ჩატარდა თათბირი და ყალბი პირადობის დაბეჭდვის მეთვალყურეობა დაევალა თავად ამ სააგენტოს ხელმძღვანელს სოსო გიორგაძეს და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ბეჟან ობგაიძეს.
ამ თემაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.