ხელისუფლება რთველს წელსაც დაასუბსიდირებს
ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება არანაკლებ 0.90 ლარისა.
პრემიერის განცხადებით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს – 283 ათასი ტონა ყურძენი.
“ლევან დავითაშვილმა შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ.
მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0. 90 ლარისა, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებს 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახელობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.