“ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა,,-ოცნება ევროკავშირის ელჩის განაცხადების საპასუხოდ

“ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ”, – თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განაცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს ჯარისთვის 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.
“ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურსა და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატოს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა.
“ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში უკრაინიზაცია განხორციელდეს. მშვიდობა შენარჩუნდება სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. არანაირ სანქციებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დასანანი და არამეგობრული ნაბიჯი პარტნიორის მხრიდან – ასე აფასებს “ქართული ოცნება” ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს 30 მილიონი ევრო, რომლის გადმორიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოს.
”მიუღებელია და ცუდია ბატონი ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება. მისი წინამორბედი, გრძელი კაცი რომ გვყავდა წარმომადგენელი, რამდენიმე წელი იმუშავა, არც ახსოვს ჩვენს მოსახლეობას და ვისაც ახსოვს, ძალიან ცუდად ახსოვს. თუმცა, ახსოვთ გიგაურებს, ლომჯარიებს მისთანებს ძალიან კარგად. მე ვისურვებდი, რომ თქვენც ასე არ დაამთავროთ თქვენი კარიერია. თქვენ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოთ,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.
თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, რასაკვირველია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვს ატეხილი – სხვა რამეა, სხვა ფასეულობებია, რაზეც დღეს ჰერჩინსკი და მასთან ერთად ზუკა ბერძენიშვილი ლაპარაკობს და სხვა ფასეულობებია ის, რის გამო ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით! – ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, “არასამთავრობო სექტორის მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ევროკავშირი და აშშ გვიწყრებოდეს“.
მისივე თქმით, ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს და შექმნილი ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.
“რასაკვირველია, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე, მათ შორის იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა და რომლის მიხედვით, საქართველოს ყველა მიმართულებით შესანიშნავი მონაცემები აქვს. როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, კარგი რეიტინგი გქონდეს, ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას წინ უსწრებდე და მეორე მხრივ, დემოკრატიას აზიანებდე იმით, რომ გამჭვირვალობას ითხოვ.
პაველ ჰერჩინსკიმ სწორედ ამის თაობაზე განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, თუმცა პროცესის შეჩერებაზე ნამდვილად ვერ დავეთანხმები. შესაძლოა, არის გარკვეული გაუგებრობები, სხვადასხვა პოზიციები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის გამჭვირვალობის მოთხოვნა – დაძაბულობის რაიმე სხვა თემა, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, რასაკვირველია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი.
როდესაც ევროკავშირი ასეთ განცხადებას იმის გამო აკეთებს, რომ გავბედეთ და გამჭვირვალობაზე საუბარი დავიწყეთ, არა მგონია, ეს ევროკავშირის მხარეს იმ ნიშნით ახასიათებდეს, რის გამოც ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვინდა.
30 მილიონის ასე გამოყენება, რომ მას ჯარის პროგრამებს გამოართმევ და იმ სექტორს გადასცემ, რომელსაც ამ 30 მილიონის გამჭვირვალედ დახარჯვა არ უნდა, ევროკავშირის ავტორიტეტისთვის დამაზიანებელია.
ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვზრუნავთ რათა საქართველო ომის ქარ-ცეცხლში არ გაეხვეს. ამის წინაპირობა შეიქმნება თუკი წარმატებას მოიპოვებს რადიკალიზმის პროცესი, რაც ჩვენ თბილისის ქუჩებშიც ვიხილეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად წასულა, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას თავდაცვის ძალებისთის 30-მილიონიანი გრანტის გაყინვის თაობაზე.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სწრაფვას ვერ შეაფერხებს.
“საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა საფრთხეებთან გამკლავება უფრო მეტად შევძლოთ. შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კვლავ დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ მივცემდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის თანხის დაკლება და სამოქალაქო სექტორში გადასროლა სამწუხარო ფაქტია.
“უკანასკნელი წლებია საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას თავისი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროპის მიმართულებით. სამწუხაროდ ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ესე არ მოხდეს.
სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და სურთ სამოქალაქო სექტორში ამ თანხების გადასროლა და ამის საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებენ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ თავიანთ ინტერესებსაც დასავლეთის მიმართულებით. ამას რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ, მით უკეთესია მათთვის,”- აცხადებს ბექა დავითულიანი.
შეგახსენებთ ევროკავშირის გადაწყვეტილება მედიას პაველ ჰერჩინსკიმ გააცნო. დიპლომატმა დღეს თქვა, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხა საქართველოში მესამე სექტორისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა მოტივიც ახსნა – კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მმართველმა გუნდმა, ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, მიიღო. ჰერჩინსკი, ამ ეტაპისთვის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ჩიხურს უწოდებს და ფიქრობს, რომ დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ გადაიხედება.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსული ოკუპაცია გრძელდება, რატომ აჩერებს პარტნიორი ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის თავდაცვის უწყების დაფინანსებას, აუხსნელია საგარეო უწყებისა და პარლამენტის პირველი პირებისთვის. ევროპელ პარტნიორებს დღეს ცენტრალურ აფრიკაში ქართული ჯარის მიერ შესრულებული მისიაც შეახსენეს.
თავდაცვისუნარიანობის ნაცვლად, მესამე სექტორისა და მედიის ნაწილის გაძლიერება რომ, წინასაარჩევნოდ, ევროპული გაერთიანებისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება, ეს ოპოზიციაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ახლა, ოქტომბერში წარმატების მისაღწევად, კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობოებისა და მედიის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ოპოზიცია, გამარჯვების შემთხვევაში, შეჩერებული პროგრამების აღდგენის პირობას დებს.
ევროკავშირის ქმედებას არაპარტნიორულს, ოპოზიციის რეაქციას კი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს პარტნიორებს საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობაც შეახსენეს და თქვეს, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანას ევროპული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.