,,ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ,,-გახარია

ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.
გახარიას შეფასებით, უკეთესია, თუ უფრო ადრე იქნება საპარლამენტო არჩევნები.
„ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები არის აუცილებლობა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და რადიკალიზაცია არ ღრმავდებოდეს. მე თუ მკითხავთ, „ოცნება“ არის, პირველ რიგში, დაინტერესებული იმაში, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს, რადგან „ოცნება“ იძახის, რომ ოპოზიცია განადგურებულია და მაინც ყველაფერს მოვიგებთ. ოპოზიცია ამბობს, ჩვენ მოვიგებთო. აი, რა პრობლემაა, ხომ? რაც შეეხება ერთდროულად საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას, ჩემი პოზიცია არის შემდეგი – საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში არის აუცილებელი. ვისურვებდი, რომ ჩატარდეს უფრო ადრე. მე გამოვლილი მაქვს ეს არჩევნები და ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის. ამიტომ, დამთხვევა რამდენად სწორია, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ალბათ ეს გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, გახარიას თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. გახარიას განმარტებით, დღეს არიან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში.
„უადგილო ადგილას ღელავენ ხოლმე. ხელისუფლებაც – მაისამდე შევლენ, ან მაისამდე გამოაცხადებენ, არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე. ოპოზიციაც – ხომ გახსოვთ, „ნაცები“ ამბობდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ და გახარია აუცილებლად მისცემენ ლეგიტიმაციას „ოცნებას“ და პარლამენტში შევლენ. შევედით? არ შევედით. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ არ ვცვლით ასე 180 გრადუსით მიდგომებს. ამიტომ ვამბობ, რომ მანდატებთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტში, მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ვართ ბოიკოტში, არ შევდივართ. რაღაც თუ შეიცვალა, ჩვენ ხომ არ ვართ ის ძალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის არ ვეპარებით, უჩუმრად არაფერს არ ვაკეთებთ, სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი უნდა იყოს საქართველოში მთავარი პრობლემის, რადიკალიზაციის დაძლევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, გლობალური თამაშის წესები იცვლება. მაგალითად, დღეს წავიკითხე განცხადებები ვაიმარის ტრიოს განცხადებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ასე უპასუხო მთავარი წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების წერილს, რომელ სახელმწიფოთა გაერთიანებაშიც, ამბობ, რომ შესვლა გინდა? ხომ არსებობს ტელეფონი, უნდა არსებობდეს საელჩოები, არსებობს დახურული ხაზები, როცა თვითონ უნდათ, გამოვლენ და იტყვიან, რომ ვიღაც მოვიდა და ომში გვითრევდაო, ახლა ამ ინფორმაციის მარტო 20 პროცენტს გეტყვითო, მეტი რომ გითხრათ, გაგიჟდებითო. როცა საჭიროა, დახურულ ხაზებს თურმე იყენებენ. მე ვფიქრობ, რომ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რადიკალიზაცია როგორმე შევამციროთ. ამას ვცდილობთ მანდატების არგაუქმებითაც, იმითაც, რასაც ვამბობთ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, იმითაც, რასაც ვამბობთ, მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანებზე ზრუნვა არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლარიზაციის და რადიკალიზაციის დაძლევა.
ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
დღევანდელ პარტიულ ღონისძიებაზე, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. ყრილობაზე ითქვა, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით.
„დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება შემდეგი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს, არ გათავისუფლდება, ქვეყანაში სამართლებრივი შეგრძნება ვერ დაბრუნდება. ამის მისაღწევად აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ორი პოლუსი გვყავს, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას. ეს ხალხი, მერწმუნეთ, ოჯახურ ფასეულობებთან შესაძლოა, ძალიან შორს იყვნენ. მეორე პოლუსი ამბობს, რომ ევროპულები მხოლოდ ისინი არიან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვინც დღეს საქართველოში თვლის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა. ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ. რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი,რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს… ვინც თვლით,რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის“, – განაცხადა გახარიამ.
დღეს “ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა – ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე არსებობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის რადიკალიზაცია.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგავართ იმავე გამოწვევების წინაშე. დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური და პარტიებისა და ლიდერების სახელები არ ვახსენო. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვას ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია, არ გვესმის და მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არცერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე ნამდვილი ევროპელი. სინამდვილეში, ყველა ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ განსხვავებული აზრი არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფასეულობა, ამ ხალხისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია. ყველა, ვისაც არ უნდა ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს, ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში მათთვის ჩვენი კარი ღიაა. დღეს, მაშინ, როცა სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ქვეყნის მეგობრების გამრავლების ნაცვლად, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება. ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ეფექტური და ვერც ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც მაგალითად ღირსებისა და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, უნდოდა და სიამოვნებდა, იძულებული გახდა, ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა ხელისუფლების, ოპოზიციის ამ ქვეყანაში არის რადიკალიზაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ ყველა ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, არ ნიშნავს, რომ მას სამშობლო არ უყვარს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის აგენტები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და ჩვენ მათთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. მე ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობების საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
//////////////////